წლების წინ ჟურნალისტ ლელა ჭანკოტაძეს ემიგრაციაში წასვლა, ბევრის მსგავსად, მატერიალური პრობლემების გამო მოუხდა და აწყობილი კარიერა გვერდზე გადადო შვილების, ოჯახის საკეთილდღეოდ… თუმცა, ვიდრე ამ გზას დაადგებოდა და თვალცრემლიანი შვილებს დიდი ხნით დაემშვიდობებოდა, აქაც ყველა ღონე იხმარა, რომ გაქცევა არ დასჭირვებოდა, შვილები არ მიეტოვებინა… მის ემოციურ თავგადასავალს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გიამბობთ…

– მართლაც, ყველაფერი გავაკეთე, რომ არ წავსულიყავი. როცა ფინანსური პრობლემები დამეწყო, ამის გამო რედაქციიდანაც კი წამოვედი, საყვარელი საქმე მივატოვე… ჩემი ქმარი გახდა ავად, ურთულესი ოპერაციები სჭირდებოდა, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებდა. პირველად რომ გვითხრეს, ერთი ოპერაცია 7.000 დოლარი ჯდებაო, არ ვიცოდით, თანხა საიდან მოგვეტანა. არადა, დაახლოებით სამ წელიწადში 4 ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე იყო, რატომღაც პლასტიკური ოპერაციის კოდით გადიოდა და არ ფინანსდებოდა. ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც მუშაობდა უშიშროებაში, სასწრაფოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, როგორც 40 წელს მიტანებული (მაშინ ე.წ. ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო). ურთულესი პერიოდი გახლდათ ჩვენი ოჯახისთვის… ჩემს უფროს შვილს პენსია ჰქონდა დანიშნული, როგორც ხშირად მოავადე ბავშვის სტატუსის მქონეს და პირველი, რაც მიშას ხელისუფლებამ გააკეთა, ჩემს შვილს და მისნაირი სტატუსის მქონეებს ეს პენსია მოუხსნა, რომელიც სულ რაღაც, 45 ლარი გახლდათ, მაგრამ ეს თანხაც კი ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის ბევრს ნიშნავდა მაშინ. დავრჩით მხოლოდ ჩემი ხელფასის იმედად, რასაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ვიღებდი და ესეც ძალიან მიზერული თანხა იყო… პირველი, რაც გავაკეთე ოჯახის გადასარჩენად, იყო ის, რომ გავხსენი სამკერვალო, თან ისე, რომ იმ პერიოდში ხელში ნემსის დაჭერაც არ ვიცოდი. დავიქირავე მკერავები და მეც, რაღაც ელემენტარული რომ მესწავლა, ერთ ასაკოვან ქალბატონთან დავდიოდი… იყო მომენტი, როცა მკერავები საქმეს ვერ აუდიოდნენ, მე კი რედაქციიდან მათთან გავრბოდი და რაღაცებს ვჩხირკედელაობდი. თითქოს კარგად ავაწყვე ეს საქმე: ისტუმრებდა თავის ხარჯებს და მოგებასაც ტოვებდა – 150 ლარს, რაც ცხადია, არაფრისთვის იყო საკმარისი. ჩემი მეგობრები ტანსაცმლის ბიზნესში მუშაობდნენ და, პარალელურად, ამ სფეროში გადავინაცვლე, სამაგიეროდ, ამას ჩემი ძირითადი საქმიანობა – ჟურნალისტის კარიერა შევწირე. სანამ თბილისიდან წამოვიდოდი, ტანსაცმლის 4 მაღაზია მქონდა…მოკლედ, როგორც ხვდებით, ყველაფერი ვცადე, ოღონდაც შვილები არ დამეტოვებინა. ვაგზალზე, მიწისქვეშაში მაღაზიები რომ გაიხსნა, დამატებით იქაც ვმუშაობდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი შრომისა, ვალებს, რომელიც ოჯახის წევრების ჯანმრთელობის და სხვა საჭიროებების გამო დაგვიგროვდა, ვერ ავუდიოდი. ჩვენი ვალი 100.000 ლარს რომ გადასცდა, მერე აღარც დამითვლია, აზრი არ ჰქონდა…

ემიგრაციის რთული გზა
– იმ პერიოდში, როცა წასვლაზე დავიწყე ფიქრი, მქონდა დეპრესია. ერთ ღამეს, როცა ვიჯექი და მძინარე შვილებს ვუყურებდი, გიჟურმა აზრმა შემაწუხა: რა მოხდება, რომ მოვუშვა გაზი და ამით დამთავრდეს ეს ტანჯვა-მეთქი? მიჭირდა მათი დატოვება და ვიცოდი, ჩემ გარეშე მათაც გაუჭირდებოდათ… ბოლოს მაინც გავრისკე და წამოვედი ისე, რომ ბოლო წუთამდე არავისთვის მითქვამს, რას ვაპირებდი. ისეთი დაბნეული ვიყავი, ავტობუსით წავედი საბერძნეთში და გავიარე ის რთული გზა, რასაც მაშინ ბევრი გადიოდა. არადა, შემეძლო ბილეთი მეყიდა და კომფორტულად წავსულიყავი, არც ვიზის მიღების პრობლემა მექნებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა… ჩავედი ათენში, იქიდან კუნძულ მიკონოზე გადავედი და როცა გემში ვიჯექი, მაშინაც ვფიქრობდი იმაზე, რა მოხდებოდა, წყალში რომ გადავმხტარიყავი. ვფიქრობ, პასუხისმგებლობამ არ მომცა ამ სიგიჟის ჩადენის უფლება. ეს რომ გამეკეთებინა, რა ეშველებოდათ ჩემს შვილებს? ახლა რომ ზოგიერთები ემიგრანტ ქალებზე ამბობენ, მიდიან და ტოვებენ შვილებსო, ადვილი ჰგონიათ ასეთი არჩევნის გაკეთება? მერწმუნეთ, ადვილი კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია… მიკონო და დამქირავებლის სიურპრიზი

– ამ უმშვენიერეს კუნძულზე ნათესავებთან ჩავედი. იმ სახლის აივნიდან, სადაც დროებით ვცხოვრობდი, ზღვას ვუყურებდი. ერთი თვე, უმუშევარმა, იქ გავატარე და წარმოიდგინეთ, მე, ზღვის მოყვარული ადამიანი, სანაპიროზე არც გავსულვარ. აივნიდან ფეხი არ გამიდგამს, რადგან შვილებთან განშორებას ვერ ვეგუებოდი, აივანზე ჯდომა და მათზე ფიქრი მერჩივნა ყველაფერს… საბერძნეთში კი ჩავედი, მაგრამ იქ რა უნდა მეკეთებინა, არ ვიცოდი. თან ვიყავი იმდენად უმწეო და ფიზიკურად მოუმზადებელი, რომ სადაც დამაწყებინეს მუშაობა, ვერაფერი შევძელი, მათ შორის, ვერც სასადილოში ჭურჭლის რეცხვა. ისე ვიღლებოდი, რომ მეგონა, გული წამივიდოდა. ხალხი რომ მთელი დღე მუშაობდა, მე 2-3 საათში ვკარგავდი ძალას. ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ უცხო ადამიანს საფენს თუ გამოვუცვლიდი, ამას მანამდე ვერც წარმოვიდგენდი. არადა, დავიწყე ბებიასთან მუშაობა და დაიწყო ჩემი ემიგრანტული თავგადასავალიც იმ კუნძულზე…

ამის შემდეგ რამდენჯერმე გამოვიცვალე სამუშაო და ერთხელაც, 4 წლის შემდეგ, ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩემი უმცროსი შვილი ჩამოეყვანათ საბერძნეთში. ეს იყო საოცარი ფაქტი, რომელმაც ამაფორიაქა… როცა ეს დღე დადგა, გემი ჩამოდგა და კარი გაიხსნა, დავინახეთ, პირველი ბავშვი გამოვიდა. მეგობარი ქართველი ემიგრანტები მახლდნენ და მკითხეს, ეს ხომ არ არის შენი შვილიო? – არა, ეს პატარაა, ჩემი შვილი კი უკვე დიდია-მეთქი. წარმოიდგინეთ, საკუთარი შვილი ვერ ვიცანი… მანამდე მეგონა ვიტირებდი, ნერვებს ვერ “დავიჭერდი”, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ვერც გავინძერი. როცა ჩავიხუტე, ისე კანკალებდა, მეგონა, ჩემი ემოციაც რომ დამემატებინა, გული გაუსკდებოდა, ისეთ დღეში იყო… ერთ თვეს ვიყავით ერთად და ეს იყო უდიდესი ბედნიერება…იმ დღეს, როცა შვილი უნდა გამომეცილებინა, ოთახში შევედი, რომ წასვლამდე ბებიასთვის წყალი მიმეწოდებინა. ეს ქალბატონი წყალს რომ სვამდა, თვალს არ მაშორებდა და უცებ სული დალია. თურმე, თრომბმა “დაარტყა” და ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა. ეს იცით, რა იყო? ბავშვმა, მგონი, მთელი ცხოვრების სტრესი მიიღო: მე მივდივარ და შენ რა გეშველებაო? – ტიროდა… არ ვიცი, მე უფრო მეტი გადავიტანე თუ ჩემმა ოჯახმა, ჩემი ემიგრაციაში ყოფნის გამო…

ისრაელი

– საბერძნეთიდან წამოვედი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექნა. თან, მეტის მოთმენა არ შემეძლო, ჩემები მენატრებოდა. საქართველოში ჩამოსვლიდან რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გადავწყვიტე საბერძნეთში დაბრუნება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისრაელში ამოვყავი თავი. არადა, რატომღაც ეს კატეგორიულად არ მინდოდა, თუნდაც იმ კონფლიქტების გამო, რაც ხდება აქ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისრაელში ლეგალურად წამოსვლა გაცილებით მარტივი იყო და ახლა ამით უკმაყოფილო სულაც არ ვარ. სამუშაო ვიზა, რომლითაც წამოვედი, იოლად კეთდება, როცა მოხუცთან, ავადმყოფთან მუშაობის გამოცდილება გაქვს და ენები იცი. მე რამდენიმე ენა ვიცი და უპრობლემოდ ჩამოვედი. ვისაც ეს სამუშაო ვიზა აქვს, კარგი დაზღვევითაც სარგებლობს. ერთმა გოგომ აქ თირკმელზე გაიკეთა ოპერაცია, მეორემ გულზე იმკურნალა… ჩვენთვის ყველაფერი უფასოა, წამლებიც კი. ასევე, ხშირად ამოწმებს სოცმუშაკი, სადმე ჩვენი უფლებები ხომ არ ირღვევა? თუ მოვინდომებთ, წელიწადში ორჯერ გვაქვს სამშობლოში ჩასვლის უფლება, მაგრამ ცხადია, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. გვაქვს მეცამეტე ხელფასი და საპენსიო ფონდშიც ვართ გაწევრებული. როცა სამშობლოში დავბრუნდებით, აქ მოგროვილ საპენსიო თანხას მოგვცემენ. ბევრი არ იქნება, მაგრამ მაინც კარგია…

lela-chankotadze-1647722851.jpg

უკრაინელი ქალი, რომელიც მისმა ოჯახმა არ მიიღო
– აქ თავდაპირველად ვმუშაობდი ქართველი ებრაელების ძალიან მდიდრულ ოჯახში და ვუვლიდი მათ ყოფილ მოსამსახურე ქალბატონს, რომელიც უკრაინელი გახლდათ და რომელიც, თურმე, 30 წლის მანძილზე ემსახურებოდა მათ. წლების განმავლობაში, თუ რამეს იშოვიდა, ყველაფერს ახლობლებს უგზავნიდა უკრაინაში, თვითონ კი ტანსაცმელიც არ ჰქონდა ნორმალური, დაკერილები ეცვა. როცა მოხუცდა, დაავადდა და სიარული გაუჭირდა, წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ახლობლებმა შემოუთვალეს, აღარ ჩამოხვიდეო. ეს ქალბატონი საკუთარმა ოჯახმა გაწირა, მაგრამ ქართველმა ებრაელებმა ვერ გაიმეტეს გასაგდებად და მასზე მზრუნველობა იკისრეს. 4 წელი ვუვლიდი ამ ბებიას, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. მერე დამძიმდა ამ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რთული მოსავლელი გახდა. თურმე, თავის დროზე ექთანი იყო, ჩერნობილში ნამუშევარი და რაღაც ისეთი დაავადება განუვითარდა, ისრაელშიც კი ვერ დაადგინეს, რა სჭირდა. დაეგრიხა სხეული და ოჯახის პირობებში მისი მოვლა შეუძლებელი გახდა. ამიტომ სახელმწიფომ გამოუყო ზედამხედველი, რომელმაც მისი თავშესაფარში გადაყვანა გადაწყვიტა, სადაც 24 საათის განმავლობაში ყურადღებას მიაქცევდნენ… ეს ქალი ყოველ დღე ტიროდა იმის გამო, რომ სამშობლო, თავისი ნათესავები, ოჯახი ენატრებოდა. როცა უკრაინას ვახსენებდით, გაუჩერებლად სდიოდა ცრემლი… ძალიან საბრალო გახლდათ… ზოგჯერ ასეთია ემიგრანტის ცხოვრება, სამწუხაროდ…

დაფასებული შრომა

– ახლა ვცხოვრობ ქირით, სხვა ქართველებთან ერთად. ყოველ დღე დავდივარ სახლის დალაგებებზე და მოხუცსაც ვუვლი. როგორ ვასწრებ ამდენ რამეს? – სულ ვმუშაობ, სულ! იმდენს ვშრომობ, ხანდახან მეც კი არ მჯერა, რომ დღეში 12-13 საათს დატვირთულ რეჟიმს ვუძლებ; რომ ამდენი შემიძლია ადამიანს, რომელიც წლების წინ საბერძნეთში ჭურჭელსაც ვერ ვრეცხავდი. აქ ყველა ემიგრანტი ასეა, ყველა საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს… სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, ჩვენი შრომა დაფასებულია!

მონატრება

– ყველაფერი მენატრება. მიკონოზე რომ ვცხოვრობდი, კუნძული ხომ ზღვითაა გარშემორტყმული და მე სიზმარში ხშირად ვნახულობდი ბათუმს, ვითომ ვიყავი შავ ზღვაზე, რომელიც საოცრად ღელავდა. იმ ზღვას ვუყურებდი და ჩემი ზღვა მენატრებოდა… თბილისში რომ ჩავედი, რუსთაველზე გავედით; წინ ჩემი შვილი მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი და ის ფოთლებიც მენატრება, რომლითაც რუსთაველის გამზირი იყო დაფარული. იცით, სხვაგან ასეთი ფერადი ფოთლები არსად მინახავს… ჟურნალისტობის წლებიც ძალიან მენატრება. ახალბედა, პირველად რედაქციაში როცა მივედი, ერთმა ჩვენმა ფავორიტმა ჟურნალისტმა გამოპრანჭული რომ დამინახა, მითხრა: შენ იფიქრე იმაზე, რომ ჟურნალისტი მარტო ის არის, ვინც უნიტაზზეც ჟურნალისტიაო. ამდენი წელი გავიდა, შეხება ხომ აღარ მაქვს ამ სფეროსთან, მაგრამ მე ისევ ჟურნალისტი ვარ, დამიჯერეთ. ყველგან, სადაც მივდივარ, “სხვა” თვალით ვუყურებ ყველაფერს.

ქართველის თვალით დანახული ისრაელი

– ეს არის ბედნიერი ხალხის ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ აქვთ მატერიალური პრობლემები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მდიდრებიც ტირიან ხოლმე… აქ უმნიშვნელო პრობლემის გამოც კი გამოფენენ ხოლმე შავ დროშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებია… საომარი სიტუაციის გამო დაძაბულობა დიდად არ იგრძნობა. ამას წინათ, ქვეყნის დაბომბვა რომ დაიწყო და საჰაერო განგაშის სიგნალი პირველად გავიგონე, მეგონა, ქვეყანა დაიქცა. აგვისტოს ომი გამახსენდა… ქალაქს, სადაც მე ვცხოვრობ, 5 წუთში 128 ბომბი ესროლეს და წარმოიდგინეთ, არც ერთი არ დაეცა ქალაქს. ხომ გესმით, როგორი მომზადებულები არიან თავდაცვისთვის და მოსახლეობაც არაფერს უშინდება… ერთხელ იმ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, სადაც ვმუშაობდი, მიამბო: აქ ტერაქტების სერია რომ დაიწყო და ავტობუსში ასვლა საშიში გახდა, კი არ დავიმალეთ, საკუთარი მანქანები დავაყენეთ და ავტობუსებით დავდიოდით ყველანიო. ასე რატომ მოიქცნენ? აქვთ თავიანთი ხელისუფლების იმედი და იმიტომ! აქვთ საკუთარი ქვეყნის უძლეველობის და იმის იმედიც, რომ მათ მიწაზე ბომბი არ ჩამოვარდება… მინდა, ბოლოსდაბოლოს ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდეს მსგავსი განცდა, რომ დაცულად ვგრძნობდეთ თავს და ხალხს ჰქონდეს იმედი იმისა, რომ მათზე ზრუნავენ…

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად კვირისპალიტრისთვის)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here