კრიმინალური გარჩევა, რომელიც 2 ადამიანის მკვლელობით და 5-ის დაჭრით დასრულდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებს და მათი ბიზნესს ინტერესების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
„კურიერის“ ინფორმაციით საქმეში ასევე მონაწილეობდნენ ის კანონიერი ქურდებიც, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. დაჭრილთა შორისაც ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტია.
დაპირისპირებულ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ფიგურირებენ ე.წ. კანონიერი ქურდების ირაკლი ყალიჩავასა და ლევან მარღიას სახელები.
ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ყალიჩავა, რომელიც წარმოშობით გალიდან არის, კრიმინალურ წრეებში „ირაკლი გალსკის“ სახელით არის ცნობილი და მისი სახელი უკავშირდება ე.წ. ტაქსისტების რეკეტის საქმესაც. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან დაახლოებული პირები აშანტაჟებდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს და მათ ფულს ე.წ. ობშიაკისთვის სძალავდნენ.
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება და სროლა იყო სამართალდამცველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.