მარტვილში გაუჩინარებულ 13 წლის გოგონას მეორე დღეა ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი გუშინ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მისმა მასწავლებელმა ნახა.
„დაახლოებით 5-ის ნახევრისთვის მასწავლებელს დაემგზავრა ბავშვი, მასწავლებელი თავის სახლში შევიდა და მან კი გააგრძელა გზა. თავის დროზე რომ არ მოვიდა მშობლები გამოვიდნენ მოსაძებნად”, – ამბობს დაკარგული გოგონას ახლობელი.
დაკარგული 13 წლის მოზარდი თამარ რუხაიაა. ის სოფელ ქვაითის მკვიდრია. ბავშვი მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. რუხაიებს 4 შვილი ჰყავთ.
გოგონას ბებიის ცნობით, პოლიციაში მოზარდის მშობლები გამოიკითხნენ. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.