ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისი ცნობით, პოლონეთს აეკრძალა იმ მიგრანტების გაძევება, რომლებიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სასამართლო ხელისუფლებას მიმართეს.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, რომ 20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სასამართლომ 198 მიგრანტისგან 47 განცხადება მიიღო. 44 განცხადებაში მაძიებლებმა მიუთითეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ.

მიგრანტების მხრიდან საჩივრები სასამართლოში შეტანილია ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგაც, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ დროებითი ზომები ჯერ არ არის ამოქმედებული.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.