ფემიციდის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამჯერად პოლონეთში მოხდა. ქართველი ქალი ქმარმა სასიკვდილოდ ქალაქ ლოძში დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.

“დანით ყავს მოკლული, სანამ აქ იყვნენ საქართველოში არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდათ და იქ მერე რა მოხდა ვერაფერს გეტყვით,” – აცხადებს მოკლულის მამა თემურ ყალიჩავა.

მკვლელობაში ბრალდებული თელმან მამაზოღლია. ის პოლონეთის პოლიციამ ადგილზე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ბრალდებულმა ცოლის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანებების მიყენება სცადა. “კურიერი” პოლონეთში დაუკავშირდა მოკლული ქალის ძმას გოგა ყალიჩავას, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ პოლიციას მის მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაც კი დასჭირდა.

“როგორც კი მივედი სახლში, შოკში ვიყავი, დანით აქვს მიყენებული ჭრილობები, რამდენი არ ვიცი, როგორც გავიგე ადრე ჰქონდათ ფიზიკური შეხება, მაგრამ მე არ შევსწრებივარ,”- ამბობს გოგა ყალიჩავა.

ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავა ძალადობაზე ღიად არ საუბრობდა, თუმცა სოციალურ ქსელში აზიარებდა პოსტებს ქალთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ეს ბანერიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გააზიარა.

როზეტა ყალიჩავას ცხედარი ახლა პოლონეთის ქალაქ ლოძის პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საკონსულო დეპარტამენტი ახალგაზრდა ქალის სამშობლოში გადმოსვენების საკითხს უკვე აგვარებს.

იყო თუ არა მუდმივი ძალადობის მსხვერპლი მკვლელობამდე როზეტა ყალიჩავა და რატომ ვერ დაიცვა პოლონეთმა 27 წლის ქალი, რომელმაც სახლში პოლიცია სამჯერ გამოიძახა. ორგანიზაცია “საფარი” ევროსასამართლოში შესატანად ამზადებს სარჩელს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიციაში არაერთი შეტყობინების მიუხედავად პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლის უფლება ვერ დაიცვა.