იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვალტერ რიჩარდიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის მეოთხე ტალღა დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

“ეპიდემიის მეოთხე ტალღა უკვე დაწყებულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ მას. ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთოთ ისე, რომ ამ ტალღას ისეთი ტრაგიკული შედეგები არ მოჰყვეს, როგორც სხვა ქვეყნებში. თუ ჩვენ გავაგრძელებთ თავის დაცვას, მესამე დოზით ვაქცინაციას და ადეკვატურ ტესტირებასა და მონიტორინგს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაშინ ეს ტალღა იქნება უმნიშვნელო და არ ექნება იგივე შედეგები, რაც სხვა ქვეყნებშია“, – განაცხადა რიჩარდიმ.

მედია წერს, რომ იტალიაში მესამე დოზით ვაქცინირებული არიან მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. თუმცა, მინისტრ სპერანცას თქმით, მთავრობა სხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების მესამე დოზით აცრასაც გეგმავს.

Worldometer-ის ვებგვერდის მიხედვით, იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 4,8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 132,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 4,5 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.