რომის პაპი ფრანცისკე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა გადადგომას გეგმავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პონტიფიკოსს გადაადგილების პრობლემები აქვს, რის გამოც ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეტლით სარგებლობს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში საუბარი მას შემდეგ გახშირდა რაც, გასულ კვირას, პაპმა დააანონსა, რომ 27 აგვისტოს 21 იერარქს კარდინლის ხარისხში აიყვანს.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესის“ ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე 28 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქალაქ ლ’აკვილას ეწვევა, სადაც ის მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე პაპ ცელესტინ V-ის მიერ დაწესებულ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორც მედიასაშუალება წერს, აღნიშნულმა ვიზიტმა პაპის შესაძლო გადაგომის შესახებ ვარაუდები გაამძაფრა, რადგან პაპი ცელესტინ V იმ მცირე პონტიფიკოსთაგანია, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ტახტიდან გადადგა.