ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება.
ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის სტატუსი აქვს, დამატებითი ფულადი დანამატით ისარგებლებენ.
“მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 360 ლარი.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.