ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია შუამდინარეთში 4 ათას წელზე მეტია არსებობს. ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დადგომამდე ამ ტრადიციას ძველი რომი შეუერთდა. თავდაპირველად, რომის უზენაესი ქურუმი თვითონ წყვეტდა, როდის დადგება ახალი წელი. მას წლის გახანგრძლივება, ან შემოკლება, საკუთარი სურვილით შეეძლო. მოგვიანებით ახალ წელს რომში 1 მარტს ზეიმობდნენ, 153 წელს კი 1 იანვარს გადაიტანეს, რაც ახალი კონსულის არჩევას ემთხვეოდა. ამ დღეს ის ფიცს დებდა.

საახალწლო საჩუქრები

სწორედ რომაელებმა მოიგონეს საახალწლო საჩუქრები. გავრცელებული ცნობებით, სწორედ მათ ეკუთვნით იდეა – როგორც ახალ წელს შეხვდები, მას ისე გაატარებო. ამიტომ ისინი ყოველთვის კარგი დროის გატარებაც ცდილობდნენ, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ: თავდაპირველად გემრიელ საჭმელს, შემდეგ კი ფულს. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი წერდა, რომ იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი დაინტერესებული მოქალაქეებისგან საჩუქრად ფულით გატენილ სკივრებს იღებდა.

ნაძვის ხე

შუასაუკუნეების ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეს სულ სხვანაირად რთავდნენ. ის იატაკზე კი არ იდგა, არამედ ჭერზე, გადმოყირავებულ მდგომარეობაში ეკიდა. ამას არანაირი განსაკუთრებული დანიშნულება არ ჰქონდა. ეს უბრალოდ მხიარულება იყო. ჩამოკიდებულ ხეზე სხვადასხვა ტკბილეულობას ამაგრებდნენ, დანიშნულ დროს კი კარს აღებდნენ და ბავშვებს უშვებდნენ, რომლებიც ხტებოდნენ და ტკბილეულს აძრობდნენ.

ლეგენდის თანახმად, ნაძვის ხის არა მხოლოდ საახალწლოდ, არამედ საშობაოდაც დადგმის ინიციატორი პროტესტანტიზმის დამაარსებელი მარტინ ლუთერი იყო. იმისთვის, რომ ტოტემური ხე ქრისტიანობასთან დაახლოებულიყო, მან მრევლის ნაძვის კენწეროს ბეთლემის ვარსკვლავით მორთვისკენ, ტოტებზე კი სანთლების განთავსებისკენ მოუწოდა.

ნელნელა მას ხილით და სხვა პროდუქტებით, მდიდრები კი ძვირფასეულობით და სამკაულებით რთავდნენ. ნაძვის ხის პირველი სათამაშოები კი ბავარიაში დაამზადეს. ლეგენდის თანახმად იმ წელს მოსავალი ჩავარდა, ამიტომაც ნაძვის ხეზე დასაკიდად შუშის ოსტატებმა ბურთების დამზადება დაიწყეს.

1870 წელს კი აშშ-ში ტელეგრაფის თანამშრომელმა მოიფიქრა, რომ ხეზე სანთლები, რომლებიც ხანძრის გაჩენის რისკებს შეიცავდა, ელექტრონული სანათებით შეეცვალა