ახალი წელი ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია. თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები მას საკუთარი ტრადიციებით ხვდებიან. უმეტესად, ისინი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა არსებობს ძალიან უცნაური რიტუალებიც.
1. დანია
მშვიდი სკანდინავიური მოსახლეობა ზამთრის პერიოდში ყველაფერი ძველის თავიდან მოცილებას და კარგად გართობას ამჯობინებს. პირველი, რაც აქ ახალი წლის დადგომისთანავე სანაგვე ურნებში ხვდება გამოუყენებელი ჭურჭელია. მას მთელი წლის განმავლობაში სათუთად ინახავენ, იმისთვის რომ ახალი წლის ღამეს დაუნდობლად დალეწონ. ამას კი მეგობრების, ნათესავების ან ახლობლების საცხოვრებლის კართან აკეთებენ. დანიაში თვლიან, რომ ამ რიტუალს დიდი ბედნიერება მოაქვს. 12 საათის შესრულებისას კი დანიელები რაც შეიძლება მაღლა ხტებიან, რათა მთელი წლის განმავლობაში გარანტირებულ წარმატებას მისწვდნენ.
2. დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის პუდინგი. თუმცა მის მომზადებას თავისი, დიდი ხნის დამკვიდრებული ტრადიცია აქვს. მომზადების პროცესში, ოჯახის თითოეული წევრი მას კოვზით საათის ისრის მიმართულებით ურევს და სურვილს იფიქრებს. ადრე პუდინგში მონეტას ან ბეჭედს ათავსებდნენ. ითვლებოდა, რომ მის მპოვნელს ბედნიერი ქორწინება ხვდებოდა წილად. ბრიტანელები დიდი მნიშვნელობას პირველ სტუმარს ანიჭებენ. ისინი თვლიან, რომ თუ სახლში მეკვლედ შავგვრემანი, სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი იქნება, მთელი წელი ბედნიერი იქნება, განსაკუთრებით, თუ ის საჩუქრად მონეტას, ნახშირის ნატეხს, ან პურს მოიტანს. ქერათმიანი ქალის მეკვლეობას კი ყველა ერიდება. ითვლება, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს.
3. შოტლანდია
მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია დიდი ბრიტანეთის ნაწილია, ის საკუთარი, ინგლისელებისგან განსხვავებული ტრადიციებით ყოველთვის ამაყობდა. ერთ-ერთი ასეთი კასრში კუპრისთვის ცეცხლის წაკიდება და მისი ქუჩებში გორაობაა. ეს „ახალი წლის დაწვის“ სიმბოლოა. თუმცა ბრიტანული ტრადიცია შოტლანდიაზეც გავრცელდა. აქაც მეკვლედ შავგვრემან, საჩუქრებიან მამაკაცს ელოდებიან.
4. ფინეთი
ფინეთი მთელს მსოფლიოში თავისი საუნებითაა ცნობილი. სახლების უმეტესობაში საკუთარი ტრადიციული აბანოა მოწყობილი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, ელფები ცხოვრობენ და სახლის ბინადრებს იცავენ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ შობას და ახალ წელს ფინელები საუნებში ხვდებიან. საინტერესო ტრადიცია მათ შობაზეც აქვთ. ამ დღეს, მზის ჩასვლის შემდეგ ისინი სასაფლაოზე მიდიან, რათა გარდაცვლილ ნათესავებსა თუ ახლობლებს პატივი მიაგონ.
5. ესტონეთი
ჰიგიენური პროცედურებით ახალი წლის შეხვედრა ესტონელებსაც უყვართ. ისინი თვლიან, რომ საუნაში ყოფნით გასული წლის მთელს სიბინძურეს იშორებენ და ახალ წელს „სუფთად“ ეგებებიან. საახალწლო სუფრაზე ესტონეთში საკმაოდ ბევრს ჭამენ. ითვლება, რომ საკვების მიღება 7-ჯერ, 9-ჯერ, ან სულაც 12-ჯერ მთელი წლის განმავლობაში ხვავსა და ბარაქას უზრუნველყოფს. მაგრამ ამისთვის, ბოლო ლუკმა აუცილებლად “კეთილ სულებს” უნდა დაუტოვონ.
6. ჩილე
ჩილეში ახალი წლის დადგომა მიცვალებულებისთვის პატივის მიგებით იწყება. 12 საათის დადგომის შემდეგ, მოსახლეობა სასაფლაოებზე მიემართება. ქალაქ ტალკაში კი უკვე 20 წელია ადგილობრივები დიდ, მასობრივ მსვლელობებს მართავენ, რომელსაც ქალაქის მერი მიუძღვება. ჩილეში თვლიან, რომ ახალ წლის დადგომამდე სახლიდან ნეგატიური ენერგია უნდა განიდევნოს. ამაში კი მათ ცოცხი ეხმარება, რომელიც ყველაფერს გარეთ ხვეტს.
7. ფილიპინები
ფილიპინებში კეთილდღეობის სიმბოლოდ მრგვალი ფორმის ნებისმიერი ნივთი თუ ობიექტი ითვლება, ამიტომ ახალი წლისთვის ყველაზე პოპულარული სამოსი კოპლებიანი კაბები და სხვა ტანსაცმელია. ფილიპინელები ჯიბეში მრგვალ მონეტებს იყრიან, სუფრაზე კი მრგვალ ხილს ათავსებენ. ახალი წლის დადგომისთანავე აქ ყველა ოთახსა თუ სივრცეში შუქი ინთება. მოსახლეობა თვლის, რომ ასე “ბოროტ სულებს” აფრთხობს. 12 საათის დადგომამდე ორიოდე წუთით კი ყველა ფანჯარა და კარი იღება, რათა ფილიპინელებმა ძველი წელი გააცილონ და ახალს მიეგებონ.
8. იაპონია
იაპონიაში ახალი წლის ღამეს ზარების რეკვით აუწყებენ. ადგილობრივ ბუდისტურ ტაძრებში ის ზუსტად 108-ჯერ ისმის. ზარი ადამიანის 6 მანკიერებას აღნიშნავს – ქარაფშუტობას, სისულელეს, სიხარბეს, სიბრაზეს, შურს,
განურჩევლობასა და მერყეობას. იაპონელები თვლიან, რომ ადამიანის ყოველ მანკიერებას 18 ელფერი აქვს, ამიტომაც ზარი 108 ჯერ ირეკება. ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად, იაპონელებთან კატომაცუ დგას. მისი თარგმანი “შესასვლელთან მდგარ ფიჭვს ნიშნავს”. კადომაცუს გვიმრითა და მანდარინის ტოტებით რთავენ.
9. არგენტინა
ახალი წლის დადგომას არგენტინაში ოფისის თანამშრომლები განსაკუთრებით ელოდებიან. 31 დეკემბერს მაგიდებზე საგულდაგულოდ მომზადებულ, არასაჭირო ქაღალდებს აგროვებენ. აქვეა გაზეთები, ჟურნალები და სხვა ტიპის მაკულატურა, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე არგენტინელები ფანჯრებიდან პირდაპირ ქუჩაში ყრიან. მართალია, დასუფთავების სამსახურებს გრანდიოზული სამუშაო ელით წინ, მაგრამ არგენტინაში თვლიან, რომ ეს რიტუალი კარიერისთვის დიდი ბედნიერების მომტანია.
10. იტალია
ცნობილია, რომ ახალ წელს იტალიაში ფანჯრებიდან ყველაფერი არასაჭირო ცვივა – ტანსაცმელი, ავეჯი, სანტექნიკაც კი. თუმცა თავად იტალიელები ამბობენ, რომ ეს ტურისტების მოსაზიდად გამოგონილი ტრადიციაა. მაგრამ რასაც იტალიის მოსახლეობა აღიარებს ისაა, რომ ამ დღესასწაულზე წითელი ფერი განსაკუთრებით უყვართ. ქალებს, კაცებს, ბავშვებს აუცილებლად აცვიათ რაიმე წითელი ფერის. ამიტომ არავის უკვირს, თუკი ახალი წლის ღამეს მილანის, ფლორენციის, ან რომის ქუჩებში წითელწინდიანი პოლიციელი გამოჩნდება. პირიქით, მასთან შეხვედრა მთელი წლის განმავლობაში დიდი წარმატების და ბედნიერების მომტანიც კი არის.
11. პერუ
პერუში ძალიან უყვართ მოგზაურობა. ამიტომ აქ განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არსებობს. ისინი, ვისაც მთელი წლის მოგზაურობაში გატარება სურს, ქუჩებში ცარიელი ჩემოდნით დასეირნობენ.
12. პანამა
პანამაში ძალიან უცნაური ტრადიცია არსებობს. ახალი წლის ღამეს აქ პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფიტულებს წვავენ. მათ muñeco-ს უწოდებენ და თვლიან, რომ ამ გზით ყველაფერ ცუდს ძველ წელს ტოვებენ. ფიტულებს თითოეული ოჯახი წინასწარ ამზადებს ან ყიდულობს. ალბათ ამ ტრადიციას უკავშირდება ისიც, რომ შუაღამისას პანამის ქუჩებში ყველა სახანძრო კოშკის ზარი ირეკება. ასიგნალებენ ავტომობილის მძღოლების და ყველა ყვირილს იწყებს. ამით პანამელები ახალ წელს აფრთხილებენ, რომ „ცუდი არაფერი გაბედოს“.
13. საბერძნეთი
ბერძნებს ერთი უცნაური საახალწლო რიტუალი აქვთ. სტუმრად მისულები მასპინძელს ქვას ჩუქნიან. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო კარგია, მით უფრო მძიმე იქნება მიმღების საფულე ახალ წელს. მეორე ტრადიციის მიხედვით კი ოჯახის უფროსი ეზოში მიწაზე ბროწეულს ანარცხებს. რაც უფრო დიდ ფართობზე გაიფანტება მარცვლები, მით უფრო ბედნიერი და წარმატებული წელი ელის ოჯახს.
14. კუბა
კუბაში ახალი წლის ღამეს ჭურჭელში წყალს ასხამენ, ზუსტად 12 საათზე კი ფანჯრიდან ღვრიან. ამ გზით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი იყოს.
15. ბულგარეთი
ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ. ეს აუცილებელი სადღესასწაულო ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. 12 საათის დადგომისას კი ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ამ პერიოდს “საახალწლო კოცნის წუთებს” უწოდებენ, რომლის საიდუმლოს სიბნელე იცავს.
16. სამხრეთ ამერიკა
სამხრეთ ამერიკაში ახალი წლის ღამეს ფერად საცვლებს იცვამენ. ფერს იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად მომავალ წელს. თუ ადამიანს წითელი ეცმევა, სიყვარულში აუცილებლად გაუმართლებს. ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს. თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შემოიტანს.