იტალიის პოლიციამ რომში 10 ოქტომბერს მომხდარი არეულობის 12 მონაწილე დააკავა. მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიის “ახალი ძალის” ლიდერია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა რეგულაცია, რომელიც დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის აღებას სავალდებულოს ხდის. დემონსტრანტების ნაწილმა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, ერთი ჯგუფი იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის ოფისში შეიჭრა და დაარბია.
მოგვიანებით, ათობით დემონსტრანტმა რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეჭრა სცადა, სადაც აქციის ერთ-ერთი დაშავებული მონაწილე მოათავსეს. საავადმყოფოს თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, შენობის შიგნით ჩაკეტილიყვნენ.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის მოსახლეობის 80% კორონავირუსზე აცრილი იქნება. იტალიის არავაქცინირებულ მოქალაქეებს რესტორნებში, მუზეუმებში, კინოთეატრებში, თვითმფრინავებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში ასვლის უფლება შეზღუდული აქვთ.