16 ნოემბერს, ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ირაკლი მალანია კიევის სასამართლოს ეზოში ჩაცხრილეს. მას 10 ტყვია ესროლეს. უკრაინელმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ვინაობა მალევე დაადგინეს – 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის და 36 წლის ლაშა სიხარულიძის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, მათ უკრაინის ტერიტორიის დატოვება იმავე დღეს მოახერხეს. სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა საქმის მესამე ფიგურანტი გიორგი არუთინოვი, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ, არუთინოვი საკანში გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ საუბარია იმ წერილშიც, რომელიც „პრაიმთაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა და რომელსაც ხელს მიმალვაში მყოფი ნოდარ ნიშნიანიძე და ლაშა სიხარულიძე აწერენ.

„ამ წერილს ვწერ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ თავის გონებაში, შეუძლია დაინახოს კაცური და არაკაცური“, – მიმართავენ წერილის ავტორები ადრესატებს.

წერილი, სავარაუდოდ, მათთან დაპირისპირებული ჯგუფის მისამართით არის დაწერილი, თუმცა კონკრეტული გვარები დასახელებული არ არის.

„ჩემამდე მოვიდა თბილისური ჭორები, თითქოს მე „პადელნიკი“ დამიჭირეს (არავის სახელს არ ვახსენებ, მაგრამ გამგები გაიგებს). მე ზუსტად ორჯერ მყავდა ეგ კაცი [გიორგი არუთინოვი – ავტ.] ნანახი და აღარც მომიწევდა მაგის ნახვა ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი, არაფერ შუაში იყო. „დაჟე“ ვირტუალურად, როგორც გიდი ისე გავიცანი და „ძაღლებმა“ თუ რამე დააბრალეს და მაგიტომ მოკლეს… ზუსტად მაგას ვამბობ, „ძაღლებს“ იმდენი ეძმაკაცეს, სანამ არ „გაძაღლდნენ“. ახლა გაიგოს ყველამ, რა ხალხი არიან ეგენი და მაგათნაირად, მართლა რომ მომეკლა კაცი, მაგას რა მაკადრებინებდა და მერე რა მათქმევინებდა. მე ვერც ვგებულობ მართლა რა მოუვიდა მაგ ბიჭს, იმ დონეზე არ ვიცნობდი და ამათ რომ ჰკითხო, მუხანათურად მოწამლეს და ეამაყებათ. საჭმელში ჩაუყარეს, თვითონვე იძახიან… თუ მაგრად გინდათ რომ მე მომწამლოთ, მაშინ გამოდით, ტრ..ი გეყოთ და თქვით, რომელი იბრალებთ, შეგხვდებით… არც ვაჟკაცური სიკვდილი იცით და არც მოკვლა“, – წერენ მათთან დაპირისპირებულ კრიმინალური ჯგუფის წარმომადგენლებს ნოდარ ნიშნიანიძე და ლაშა სიხარულიძე.

წერილი, ასევე შეიცავს გარკვეულ მუქარას, რაც შესაძლოა ქართველი სამართალდამცველების დაინტერესების საგანი გახდეს.

„ჩვენ რომ მოგვეცემა მაგის საშუალება, განახებთ, როგორ კვდებიან ღირსეულები, მაგრამ ჯერ თქვენი ჯერია. ნელ-ნელა ყველას მივყვებით, ჯერ არ გვცალია. ამით არაფერი მთავრდება, გამგები გაიგებს“, – ნათქვამია ნოდარ ნიშნიანიძის და ლაშა სიხარულიძის წერილში.

ნოდარ ნიშნიანიძე და ლაშა სიხარულიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here