„სისხლიანი გარჩევა თურქეთში, რომელიც 32 წლის გ. ს-ს გარდაცვალებით დასრულდა. ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ზუგდიდელმა ზ. ბ-მ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 6 ქართველი იმყოფებოდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება მკვლელს ხ. წ-სთან მოუვიდა, რომელიც დანით დაჭრა. გ-მ ხ-ს დაცვა სცადა, მკვლელმა ჯერ ს-ს ხელი დაარტყა, შემდეგ კი დაჭრა. მკვლელი სახლიდან გაიქცა და მიიმალა.
„სახლში მყოფებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებს დაჭრილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გ. ს. 5 წლის განმავლობაში სტამბოლში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა. როგორც ახასიათებენ, ის პატიოსანი, მშრომელი, მეგობრული, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. შოკირებულები ვართ სტამბოლის ემიგრანტები. ასეთი ვაჟკაცი ბიჭი, ასე სასტიკად როგორ მოგვიკლეს. ასე შეუბრალებლად 1 წამში გამოასალმეს სიცოცხლეს. სიტყვები არ გვყოფნის, დაგვამუნჯა ამ ამბავმა“, – ამბობენ ქართველი ემიგრანტები.
რაც შეეხება ხ. წ-ს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბარძაყისა და თავის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.