ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია თურნავამ კი მინისტრთა კაბინეტი დატოვა, თუმცა, პრემიერის ინფორმაციით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.
„ბატონ ლევანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დანიშნა ეკონომიკის მინისტრად, როგორც მოგახსენეთ, იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მე მინდა, ჩემი სახელით და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი ამ თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით და მე მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,“ – აღნიშნა პრემიერმა.