ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ საუბრობს ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც ლიმფური კვანძებისა და სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეს გულისხმობს.
„მე მაქვს სწორედ ის დაავადება, რისი შიშიც მქონდა, რომ შეიძლებოდა გამჩენოდა, ეს არის არაჰოჯკინის ლიმფომა, ლიმფური კვანძების და სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე.
ჩივილები მქონდა, ცუდად ვიყავი და დავიწყე კვლევა. ბიოფსია გავიკეთე, გავაგზავნეთ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ეს არის არაჰოჯკინის ლიმფომა.
მახსოვს როდესაც პასუხი გერმანულ ენაზე მოვიდა, ჩემს მეგობრებს წავუღე, ვინც ენა იცის და როდესაც წაიკითხეს, ერთ-ერთი მძიმე დღე იყო. მეუღლესაც ჩვეულებრივ ვუთხარი, ემოციების შეკავება შეძლო.
ეს ფორმა, ავთვისებიანი სიმსივნის, განკურნებადი არ არის, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება. ანუ არის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლის დიაგნოზის დასმის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა განსაზღვრულია, 6 თვე, 1 წელი. იმ ფორმის მიმართ, რომელიც მე მაქვს, არსებობს მკურნალობის საშუალებები, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს“, – ჰყვება ცერცვაძე.