exclusive TV -ი, იტალიურ მედია პორტალ ANSA.IT -ზე დაყრდნობით იუწყება, რონ იტალიელმა სამართალდამცველებმა გამოავლინეს კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფება, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები მინიმალური ანაზღაურების ფასად ბულგარეთიდან იტალიაში ჩამოჰყავდა. ჯგუფის წევრები გოგონებს ართმევდნენ პასპორტებს, ძალადობდნენ ფიზიკურად, აცხოვრებდნენ გაუსაძლის პირობებში და ქუჩაში პროსტიტუციას აიძულებდნენ.
კატანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აყვანილია დაჯგუფების რვა წევრი, აქედან ოთხი ბულგარელია, ხოლო ოთხი – იტალიელი. პოლიცია ეძებს მეცხრე წევრს. ბულგარელებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა შეფარდებული, ხოლო იტალიელები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბოკლუკ“ იტალიელი სამართალდამცველების მხრიდან, 2020 წლის ივნისის თვიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ რაც ორმა ბულგარელმა გოგონამ საჩივარი შეიტანა სხვა უცხოელი ქალის წინააღმდეგ, რომელმაც მათ იმ გზაზე დგომის სანაცვლოდ, სადაც კლიენტურას ელოდნენ, წილი მოსთხოვა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეამჩნია პოლიციამ ამ ყველაფერში ორგანიზებული დანაშაულის კვალი და თვალთვალი დაიწყო.
„ბოკლულ“ ბულგარული სიტყვაა და ნაგავს ნიშნავს. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ და ასევე ექცეოდნენ დაჯგუფების წევრები პროსტიტუციაში ჩაბმულ გოგონებს. ისინი ყველანი ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ და ჯგუფის წევრებისგან იღებდნენ მინიმალურ საკვებს, იმდენს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. მათი ძირითადი საკვები კარტოფილი იყო. ვალდებულნი იყვნენ „ემუშავათ“ საღამოს შვიდი საათიდან, დილის ხუთის ნახევრამდე. ლოკდაუნის პერიოდშიც კი. თითოეულ მათგანს „პატრონისთვის“ კვირაში მინიმუმ 1400 ევრო უნდა მიეტანა.
ყველაზე შოკის მომგვრელი იყო უნარშეზღუდული გოგონა, მკვეთრად გამოხატული ფიზიკური პრობლემებით, რომელიც ადგილზე მისულ პოლიციელებს აღნიშნულ ბინაზე დახვდა. გარდა იმისა, რომ შშმ პირი ვალდებული იყო კლიენტებისთვის მომსახურება გაეწია, მას ასევე უნდა შეეთავსებინა მოსამსახურის ფუნქციაც. გოგონა უფლებადამცველების მიერ, სპეციალურ სტრუქტურაში იქნა გადაყვანილი, სადაც უსაფრთხოდ იქნება.
ორგანიზებული დაჯგუფება ბულგარელი წყვილის, ემილ მილანოვის და მილენა მილანოვას მიერ იმართებოდა, ადგილზე სიტუაციის კონტროლს ჯგუფის იტალიელი წევრების საშუალებით ახერხებდნენ.
წყარო: exclusivet TV