იტალიის სასამართლომ მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 70 წევრს განაჩენი გამოუტანა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრალდებულების ნაწილს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯგუფის დაახლოებით მესამედს კი – 10 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს არის მაფიასთან დაკავშირებით ჩატარებული ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი 1980-იანი წლების შემდეგ და ის იანვრიდან მიმდინარეობს. 355 ბრალდებული ჯერ კიდევ გასასამართლებელია, პროცესი, სავარაუდოდ, ორი ან მეტი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მაფიის მოწინააღმდეგე პროკურორი ნიკოლა გრატერი, რომელიც „ნდრანგეტასთან“ დაპირისპირების გამო 30 წელზე მეტია, პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობს, აცხადებს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

„არაფრის და არავის არ მეშინია. ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და თუ სიმართლეს ვერ ვამბობ, ეს იმიტომ, რომ ნათქვამის დამტკიცებას ვერ ვახერხებ,“- აცხადებს პროკურორი.