Reuters -ის ინფორმაციით, იტალია COVID-19-ის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას წყვეტს. შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
“ახალი ეტაპი იწყება… ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა”, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ.
მთავრობამ გარე და დახურულ სპორტულ სივრცეებში დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვები გააუქმა, ასევე გაუქმდა მოთხოვნა, რომ 50 წელს გადაცილებულმა პირმა სამუშაო ადგილზე შესასვლელად აცრა უნდა ჩაიტაროს. თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
კოვიდრეგულაციები იტალიაში მოგზაურთათვისაც შემსუბუქდა. თუმცა, ვიზიტორებმა მაინც უნდა აჩვენონ COVID-სერტიფიკატები და შეავსონ მგზავრების ლოკატორის ფორმა.
გარე რესტორნებისა და ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჯანმრთელობის საშვის ვალდებულება უკვე მოიხსნა. ნიღბების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო 30 აპრილამდე დარჩება.
ცნობისთვის, იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვარს შემოიღეს. ქვეყანაში ვირუსის გამო 159,383 სიკვდილის შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ჯამში 14.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
კვლევითი ცენტრის Gimbe-ს მონაცემებით, ყოველდღიური კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა იტალიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, მარტის დასაწყისიდან კვლავ გაიზარდა, მაგრამ მონაცემები მაინც სტაბილურად მიიჩნევა.
იტალიელების დაახლოებით 84%-მა მიიღო რეკომენდებული ვაქცინის ორი დოზა, ხოლო მოქალაქეების 65%-ზე მეტმა მიიღო მესამე აცრა.