დღეს ქუთაისში საზარელი მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავისი სიძე, ტიტე კორძაძე მოკლა. როგორც ჰყვებიან, ქალი სიძეს თავისი დის მკვლელობაში ადანაშაულებდა.
მან ჭრილობა ყელში მიაყენა. მამაკაცი დახმარების თხოვნით მიმდებარე ქუჩაზე გაიქცა. სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა პიონერთა პარკში მოხდა. კორძაძის ცოლი დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.
,,ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო… მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა, საუკეთესო ადამიანი იყავი, შენს სახელს დავიწყება არ უწერია”.
,,შენს მკვლელს არავინ აცოცხლებს, შენ უფალმა ნათელში გამყოფოს, ალალო ბიჭო, მთელი სოფლის გულის ტკივილო”, ,,ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს, რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში…” – წერენ ახლობლები.
პიონერთა პარკში დასაქმებულები, მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. როგორც ადგილზე აცხადებენ, გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი, შურისძიების მიზნით, დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცოლი გარდაცვლილი ჰყავს, სავარაუდოდ სწორედ მის მოკვლაში ადანაშაულებდა, გოგონა და ამ მიზნით გამოჭრა ყელი.
“დაუჭრია და წასულა, ამ ბიჭს უვლია და სკამზე ჩამომჯდარა, მე როგორც გავიგე საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც უკვე გარდაცვლილა. როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე. ისიც თქვეს არტერიასთან დაჭრაო”, – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
წყარო გაზეთი რეზონანსი