2022 წელს ევროპა, შესაძლოა, პრაქტიკულად გაზის გარეშე დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანული ოპერატორების ასოციაციის (INES) ხელმძღვანელის სებასტიან ბლეშკეს განცხადებით,  ევროპაში გაზის საცავები საშუალოდ მხოლოდ 56%-ით არის სავსე.

„ზამთრის ორი ყველაზე ცივი თვე გველის, არსებობს შეშფოთება, რომ ევროპას შესაძლოა გაზის მარაგი ამოიწუროს. საცავები მხოლოდ 56%-ით არის შევსებული, რაც 15 პროცენტზე მეტი პუნქტით დაბალია 10 წლის საშუალო მაჩვენებელზე“, – განმარტა ბლეშკემ.

მისი თქმით, რუსული გაზის ექსპორტის შემცირების შემთხვევაში, მარტის ბოლოსთვის მარაგი შეიძლება 15%-მდე შემცირდეს.

INES-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კრიზისი შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთმა გაზის ტრანზიტი საკუთარი გაზსადენის  – “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” ამოქმედების დაჩქარების მიზნით შეამცირა.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.