ჩინურმა როვერმა, Yutu-2-მა მთვარის შორეულ მხარეს,ჰორიზონტზე უჩვეულო ობიექტი დააფიქსირა, რომელსაც კუბის ფორმა აქვს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Space წერს.

უცნაური ფორმის ობიექტი მთვარის “ბნელ მხარეს” მდებარეობს, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს.

როვერმა ობიექტი მიმდინარე წლის ნოემბერში გადაიღო, თუმცა სურათზე მისი გარჩევა ძალიან რთულია.

ობიექტი როვერის ამჟამინდელი ადგილიდან დაახლოებით 80 მეტრის მოშორებით მდებარეობს. Yutu-2 მისი მიმართულებით გაემგზავრა. თუმცა, მისი საშუალო სიჩქარე დღეში 80-90 სანტიმეტრია. შესაბამისად, ობიექტამდე მისასვლელად მას დაახლოებით ორი-სამი თვე დასჭირდება.

ჩინური როვერი მთვარეზე სამი წლის წინ გაემგზავრა და დღემდე მან უკვე  850 მეტრი გაიარა.