ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის, თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ.
„ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ერთი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ყოველდღიურად კარგავენ სიცოცხლეს.
კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია“, – აღნიშნულია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.