იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. იუწყება სააგენტო Reuters.
ბერლუსკონის სახელით განცხადება მისმა თანაპარტიელმა, სენატორმა ლიცია რონზულიმ გაავრცელა.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოცხადებული ბერლუსკონის უარი, კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გზას უხსნის პრეზიდენტის თანამდებობის მოპოვებისკენ.
იტალიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარლამენტის პირველი სხდომა 24 იანვარს არის დაგეგმილი.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე, რომელშიც ასევე შედიან დელეგატები ქვეყნის 20-ვე რეგიონიდან. სახელმწიფოს მეთაური აირჩევა “ფარული კენჭისყრით ასამბლეის ორი მესამედის უმრავლესობით“. თუმცა მესამე ტურის შემდეგ ასარჩევად საკმარისია ხმების უბრალო უმრავლესობა.
იტალიის მოქმედ პრეზიდენტს, 80 წლის სერჯო მატარელას უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს ეწურება. მან უარი თქვა მეორე ვადით არჩევაზე.
მარიო დრაგი იტალიის მთავრობას 2021 წლის 13 თებერვლიდან უდგას სათავეში.
სილვიო ბერლუსკონი სამჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, 1994-95, 2001-2006 და 2008-2011 წლებში. ბერლუსკონი არის იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.