ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის COVID-სერტიფიკატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

მისი ცნობით, სერტიფიკატის მოქმედების ვადა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 12 თვის შემდეგ იწურება. ეს ნიშნავს, რომ ვინმეს COVID-19-ზე ტესტი ან ვაქცინის მესამე დოზა დასჭირდება.

წინადადებას ევროკავშირის საბჭოს პარასკევს წარუდგენენ.

ცნობისთვის, რუმინეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა და საბერძნეთმა უკვე დაიწყეს მესამე დოზის შეთავაზება ყველა ასაკის მოქალაქეებისთვის. ოთხშაბათს მათ შეუერთდა ბელგია, რომელიც მოსახლეობას მესამე დოზით 2022 წლის პირველ თვეებში აცრის.

სხვა ქვეყნები ე.წ. ბუსტერებს ხანდაზმულებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ.

ამასთან, ევროკომისიის თანამშრომლები მესამე დოზის მიღებას მომავალ კვირას დაიწყებენ და პროცესი, სავარაუდოდ, 2022 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.