შემზარავი ინფორმაციები ვრცელდება ყოველდღიურად უკრაინიდან. უკვე მე-18 დღეა, მსოფლიოს ცხელ წერტილად იქცა ქვეყანა, რომლის მოსახლეობამ არნახული და დაუჯერებელი გმირობა აჩვენა დანარჩენ სამყაროს…
ომის სისასტიკეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთმორწმუნე რუსის ჭურვებს, ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები და სამხედროების ემსხერპლნენ…
უკვე მე-18 დღეა არ სძინებია 44 წლის გიორგი ოღიაშვილს, რომელსაც მეუღლე და 5 წლის შვილი უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში ჰყავს. თვითონ საქართველოში ნოემბერში ჩამოვიდა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. მერე კი ომი დაიწყო და…
„უკრაინაში 2014 წელს ჩავედი საცხოვრებლად. საქართველოში სამსახურში პრობლემები შემექმნა, იყო მუქარა და ა.შ. მერე იქ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. კიევში დავიწყე მუშაობა ქართულ რესტორანში.
კიევში ჩასვლიდან დაახლოებით ერთ წელში გავიცანი მომავალი მეუღლე, ირინა მიხაილოვა. დაქორწინებიდან ერთი წლის თავზე, ზუსტად მამაჩემის დაბადების დღეს, 14 თებერვალს გაჩნდა ჩემი შვილი, დავითი.
ომამდე უკრაინაში არავინ უჩიოდა უსამსახურობას. თუ არ გეზარება მუშაობა ადამიანს, მშიერი არ იქნები. ასე გადიოდა ცხოვრება. ოჯახთან ერთად ბოლო ორი წელი ქალაქ ერპენში ვიმყოფებოდი. საქართველოში ჩამოსვლამდე კი მეუღლე და ბავშვი ქალაქ მიკოლაევში, მის მშობლებთან ჩავიყვანე.
ნოემბერში ჩამოვედი საქართველოში, ჩემი მშობლების სახლი უნდა გადამეფორმებინა. ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ეს ამ დრომდე ვერ მოვახერხე. მერე კი ომი დაიწყო…
არავის ეგონა, ვერავინ უშვებდა, რომ ასეთ სისასტიკეს ჩაიდენდა რუსეთი. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერაფრით მოვახერხე ჩემს ოჯახთან ჩასვლა, ამის ბევრი მიზეზია, მათ შორის მატერიალური…
24 თებერვალს, დილის 6 საათზე დამირეკა მეუღლემ, ჩვენთან ომი დაიწყოო. როცა გავაცნობიერე რაც ხდებოდა უსუსურობის განცდა დამეუფლა. პირველივე დღეს დაბომბეს მიკოლაევის აეროპორტი და რკინიგზის სადგური. ვისაც მანქანა ჰყავდა, დატოვა ქალაქი და გაეცალა იქაურობას. მერე საშინელება დაიწყო. რამდენიმე ოჯახი დესანტმა პირდაპირ მანქანაში ჩაცხრილა. როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, ყველა მოერიდა ქუჩაში გასვლას. ამის შემდეგ ცხოვრება სარდაფებში დაიწყეს.
ჩემმა 5 წლის შვილმა იცის, რომ ქვეყანაში ომია, ისიც იცის, რომ ეზოში გასვლა, რომელიც ძალიან უყვარდა, აღარ შეიძლება. ბავშვმა უკვე ისიც იცის, რომ მოსაღამოვებისთანავე სახლში შუქი უნდა გათიშოს…
საკვების მარაგი ჰქონდათ. არ მუშაობს მაღაზიები, ბაზრობა, ფული აქვთ და ვერაფერს ყიდულობენ… იმ ადგილას მხოლოდ ერთადერთი აფთიაქი მუშაობს, სადაც ძალიან დიდი რიგებია.
ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ამ დრომდე უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ აქედან რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. სახლიდან ტანსაცმელი და ნივთები მივიტანე რუსთაველის გამზირზე სადაც ჰუმანიტარულ ნივთებს აგროვებდნენ უკრაინელების დასახმარებლად. როგორც იქნა ბილეთის ფული მოვაგროვე და მალე ჩავალ ჩემებთან.
გუშინ მეუღლე და ბავშვი ქალაქიდან გაიყვანეს და ამ წუთებში რუმინეთში მიეგზავრებიან. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები არიან…
ჩემთვის უკრაინელი ხალხი გმირობის მაგალითია. რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ჯავშანტექნიკას პირდაპირ შიშველი ხელებით აკავებდნენ, სოლიდარობის და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოებად იქცნენ.“ – ამბობს გიორგი ოღიაშვილი.