თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

რა ბედი ელით საქართველოდან ემიგრაციაში წასულ ადამიანებს, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე არიან და ისინი თავშესაფარს ითხოვენ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას “პრაიმტაიმი” ცდილობს, რადგან „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ყველაზე მეტი ქართველი მიგრანტი სწორედ საბერძნეთში იმყოფება.

ჯერ კიდევ 2017 წელს, აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოს 80 000 მოქალაქე იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამის პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან წასულ ადამიანებს საზღვრის კვეთაზე უარი ყველაზე მეტ ადამიანებს სწორედ საბერძნეთში შესვლაზე ეთქვა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

გარდა ამისა, არავისთვისაა საიდუმლო, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად ცხოვრობენ, რომლებიც სამუშაო ადგილებს გასაგები მიზეზების გამო ვერ ტოვებენ. სწორედ მათთვის “პრაიმტაიმი” ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის სამართლებრივ განმარტებებს გთავაზობთ, რომელსაც ადვოკატი განმარტავს, ნანა აბულაძის რჩევებს ემიგრანტთა საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს:

“საბერძნეთში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც დევნიან რელიგიის, რასის, ეროვნების ან პოლიტიკური მრწამსის გამო. ასევე მათ, ვისაც საკუთარ ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ (მაგალითად: სიკვდილით დასჯა, წამების ან დამამცირებელი მოპყრობის რისკი).

როგორ მოვითხოვო თავშესაფარი?

თავშესაფრის მოთხოვნა ხდება Skype-ის აპლიკაციის მეშვეობით, კონკრეტულ დღეებსა და საათებში ან თავშესაფრის სამსახურის რეგიონალურ განყოფილებებში, თუკი თავშესაფრის მომთხოვნი პირი მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფებს (მაგალითად: აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, არის ფეხმძიმედ და.ა.შ.).

საჭიროა, თუ არა, რომ თავშესაფრის სამსახურში მისვლისას ჩემთან ერთად იყოს პირი, რომელიც საუბრობს ჩემს მშობლიურ ენაზე?

არა, არ არის საჭირო. თავშესაფრის სამსახურს ჰყავს თქვენს ენაზე მოსაუბრე თარჯიმნები.

შეიძლება თუ არა, რომ ინტერვიუს დროს ჩემთან ერთად იყოს ვინმე, ვინც დამეხმარება?

ინტერვიუს დროს, თქვენს გვერდით შეიძლება იყოს ადვოკატი, რომელსაც აქვს თქვენი მინდობილობა, თქვენი ექიმი, ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი

რა განსხვავებაა თავშესაფრის მაძიებელ პირსა და აღიარებულ ლტოლვილს შორის?

თავშესაფრის მაძიებელი პირი ფლობს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ბარათს, შესაბამისად, აქვს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, ასევე, მუშაობის უფლება, წვდომა ნებისმიერი საჯარო უწყების მომსახურებაზე და სხვ. სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თავშესაფრის სამსახურის მიერ, მის განაცხადთან დაკავშირებით.

თავშესაფრის სამსახურის მიერ ლტოლვილად აღიარებულ და ლტოლვილის ბინადრობის ნებართვის მფლობელ პირებს აქვთ იგივე უფლებები, რითიც სარგებლობენ საბერძნეთის მოქალაქეები.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჩემს განაცხადზე გამოვა უარყოფითი გადაწყვეტილება?

თუკი თქვენი განაცხადი პირველ ეტაპზე იქნება უარყოფილი, გაქვთ უფლება გაასაჩივროთ ის, ამავე სამსახურში, გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადებში. თუკი თქვენი განაცხადი მეორე ეტაპზე იქნება უარყოფილი, გაქვთ უფლება გაასაჩივროთ ის, სასამართლოში, გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადებში.

თუ თავშესაფრის მაძიებლის ბარათი მაქვს, შემიძლია თუ არა სამედიცინო დახმარების მიღება?

დიახ. თავშესაფრის სამსახურიდან ბარათთან ერთად იღებთ დროებითი დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის ნომერს (Π.Α.Α.Υ.Π.Α.), რათა გქონდეთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.

რა გზებით შეიძლება მივიღო ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ჩემი საქმის განხილვა?

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა თქვენი საქმე, უნდა გამოცხადდეთ თავშესაფრის სამსახურში ან თქვენ პირადად, წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში, ან ადვოკატი, რომელსაც აქვს თქვენი მინდობილობა. საქმის შესახებ ინფორმაცია არ გაიცემა ტელეფონის საშუალებით.

რა შეიძლება მოხდეს, თუ არ შემიძლია, რომ მივიდე თავშესაფრის სამსახურში დაგეგმილ ინტერვიუზე?

ინტერვიუზე წასვლა აუცილებელია იმ თარიღსა და დროზე, რომელიც მითითებული გაქვთ. არ გამოცხადება ნიშნავს, რომ თავშესაფრის სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი საქმის განხილვის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება, ამავე სამსახურში, გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადებში.

ჩემს ბარათს ვადა აქვს გასული. როგორ მოვიქცე?

ყველა ბარათი გადავადებულია ავტომატურად 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, კოვიდ-19-ისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზეზით. მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური მოვლენების განვითარებას, რომ დანიშნოთ ახალი ვიზიტი, ელექტრონულად, როცა ეს შესაძლებელი იქნება.