იტალიაში მყოფი ემიგრანტი თეონა ჭანტურია, იტალიელი ხალხის გრძნობების გამოხატვის ხელოვნებასა და სიყვარულზე სოციალურ ქსელში წერს.

ემიგრანტები.ჯი-ს თეონა ჭანტურიას წერილს უცვლელად გთავაზობთ.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

„რა ვთქვა, როგორ დავიწყო ისიც არ ვიცი, ცოტა გამხიარულება არ გვაწყენდა მეც და თქვენც.
საკმაოდ ახალგაზრდა გავთხოვდი 21 წლისა, მანამ სტუდენტობის ბედნიერი წლები გავიარე, მეგობრებიც მყავდნენ ერთგულები, მამა საკმაოდ პატიოსანი კაცი იყო, ოჯახზე მზრუნველი, სიძეები, დების ქმრები კარგები შეგვხვდნენ უფლის ნებით, შვილი კიდე სუფთა ქართველია, სიტყვა ძვირი თუ ხასიათზე არაა და ისე იუმორით გაჯერებული ლექსიკონი აქვს და მზიანი გული. ჰოდა, რატომ ჩამოვთვალე ეს ყველაფერი, ამათ (იტალიელ ხალხს) ყველას ახასიათებს ოჯახის და საყვარელი ქალის მიმართ პატივისცემა, ასე თუ ისე და დიდი თუ პატარა ზომით, მაგრამ რასაც აქ ვხედავ ეს ხომ სასწაულია, ეს ხომ ზღაპარია, ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ ამათი შემყურე „რაფერ არ მეიკლავ“ თავს ადამიანიაო. ჩემი იტალიელი მოხუცები დილას კოცნით და მისალმებით იწყებენ, ყოველი ჭამის წინ „ბონ აპეტიტო“-ს (გემრიელად მიირთვი) შემდეგ, ისევ კოცნა. არ ვიცი, ეს ჩემი ბებია-ბაბუა მოხუცებულობაში დატკბნენ თუ მანამდეც ასე იყვნენ, თუმცა ამხელა სიყვარული, რომ მარტო სიბერეში არ შემოუფრინდებოდათ ეს ხომ აშკარაა… დღეს წმინდა რიტას ხსენების დღე იყო, ანუ ფესტა (დღესასწაული). ჯერ ხომ ტელეფონი გადაიწვა, დაიღალა რიტა საუბრით, მილოცვების მიღებით, მერე სტუმრები მოდიოდნენ შვილები, შვილიშვილები, ყვავილებით, საჩუქრებით, დილით ბაბუა შავი ვარდებით და ნამცხვარით შემოიპარა, სიურპრიზი მოუწყო ცოლს.

დაიწვას, ჩვენი ქართველი ქალების ბედი-მეთქი, ვფიქრობდი. არ ვიცი იქნებ, თქვენი ქმრები ანალოგიურად ყურადღებიანები არიან თუ ასეა, მაგას რა სჯობს მაგრამ, მე ჩემს ცნობიერებაში მსგავსი პატივისცემა „ცოლის” მიმართ, ვიმეორებ ცოლის მიმართ, არ მახსოვს. ჭამის, ძილის, სასეირნოდ გასვლისა და შემოსვლის წინ კოცნა, უთვალავი ყურადღება და სიყვარული.

სიყვარული ჩვენმა მამაკაცებმაც იციან და ერთგულებაც, თუმცა მსგავსი შეიძლება გამონაკლისს შეეძლოს. შევყურებ ახლა ამ შავ ვარდებს ლამაზ ლარნაკში რომ არის ჩაწყობილი და ვოცნებობ, ჩემს სახლში დივანზე წამოწოლილი თავზე დამადგეს ქმარი მსგავსი თაიგულით, რა იქნებოდა ნეტავი?

სადღაც წავიკითხე, იდეალური მამაკაცის პოვნა სულ შეიძლება დედამიწის ნებისმიერ კუთხეშიო, – თქვა ღმერთმაო და ამის შემდეგ დედამიწა მრგვალი შექმნაო. აქ, იტალიაში დედამიწა არ არის მრგვალი, აქ კუთხეებში არიან ერთგული ქმრები და მამები და ეს მახარებს კიდეც. იყვნენ ბედნიერები და ხალისიანები, სხვას რას უშავებენ, არც არავის არაფერს. გამონაკლისი ყველგანაა, ამასაც დავამატებდი.

ჰოდა, წავედი ახლა, ძილის დროა, ისევ დავწვები და ვიოცნებებ, ჩემს ლამაზ სახლზე და სახლში ქმარზე შავი ვარდებით ხელში. მიყვარხართ ყველა”,- წერს თეონა ჭანტურია.