გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

„სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings – მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი – დიუსელდორფი – თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მიმდინარე წლის 21 ივლისიდან Eurowings – ი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტური კომპანია FlyArystan-იც შემოვიდა. ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მაისიდან იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი – ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება.

18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.