ბერძენმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი გაშიფრეს და მისი წევრები დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

პოლიციის ოპერაციის ფარგლებში ათენის რაიონებში – ომონიასა და კალითეაში 32, 37 და 46 წლის სამი მამაკაცი და მათი 24 წლის თანამზრახველი დააკავეს, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ELAS-ის ბიულეტენის მონაცემებით, 46 წლის მამაკაცს, რომელიც ბანდის მეთაური იყო, ორივე ხელის თითებსა და მარცხენა ხელისგულზე ჩატარებული აქვს ოპერაცია ანაბეჭდების წაშლის მიზნით, რათა თავი შეენიღბა და მშვიდად გაეგრძელებინა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა. მისი მცდელობა ამაო გამოდგა, მძარცველი გაშიფრეს და დააკავეს.

როგორ მუშაობდა ჯგუფი

გამოძიების ცნობით, გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, ბანდის წევრები ირჩევდნენ და შემდეგ ძარცვავდნენ სახლებს ატიკის სხვადასხვა რაიონში. ისინი 3 ძვირადღირებული ყველგანმავალი (Off road) ავტომობილით გადაადგილდებოდნენ ატიკის გარეუბნებში და სამიზნეებს ეძებდნენ.

როდესაც სახლს ამოირჩევდნენ, შემდეგ ტერიტორიას უთვალთვალებდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ მეპატრონეები ან მომსახურე პერსონალი შინ არ იყო. არჩეულ დროს ბოროტმოქმედები შესასვლელი კარის საკეტს აღებდნენ და სახლში აღწევდნენ. მძარცველებს მიჰქონდათ ყველაფერი ღირებული, რაც ხელში ხვდებოდათ, თუმცა განსაკუთრებით – ფული და საიუველირო ნაკეთობები.

როდესაც პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარა, უამრავი რაოდენობის კლიტე, სხვადასხვა ტიპის გასაღები და საკეტის გასატეხად საჭირო ინსტრუმენტები აღმოაჩინა. აღსანიშნავია მათი „ოსტატობა“ – ისინი სახლებს ისე ძარცვავდნენ, რომ საკეტს არაფერი ეტყობოდა და პატრონები მხოლოდ შიგნით შესვლის შემდეგ იგებდნენ, რომ გაძარცვეს.

„ნაალაფარი“ ძვირფასეულობის ნაწილს ლომბარდში აბარებდნენ თავად მძარცველები ან მათი თანამზრახველი 24 წლის ახალგაზრდა ქალი.

ნადავლის ღირებულება 200 ათას ევროს აჭარბებს

ΕΛΑΣ-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი რაოდენობით საიუველირო ნაკეთობა, საათები, მზის სათვალეები, ჩანთები, მობილური ტელეფონები, სიგნალიზაციის მოწყობილობები, კლიტეები, ფულადი გადარიცხვების და სალომბარდე ოპერაციების ქვითრები; აგრეთვე, პნევმატური პისტოლეტი, 3 ხანჯალი, ნარკოტიკული ნივთიერების 334 აბი, კოკაინის და კანაბისის გარკვეული რაოდენობა და 435 ევრო ნაღდი ფული.

მთლიანობაში გამოძიებას მონაცემები აქვს 7 სახლის გაძარცვის შესახებ. წინასწარი შეფასებით, ნაძარცვის ღირებულება 200 000 ევროს აჭარბებს. დაკავებულები ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედების მასშტაბის სრულად დასადგენად.

ნინო ხოშტარია

წყარო nostal.ge