„ომიკრონს“ ახასიათებს დაავადების ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო დელტა-შტამი გრიპს წააგავს
ქართველმა ეპიდემიოლოგებმა ისაუბრეს კორონავირუსის ორი შტამის – „ომიკრონის“ და „დელტას“ მთავარ განსხვავებებზე და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების არასახარბიელო პროგნოზი გააკეთეს.
შაბათს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კრიტიკულ, 10 ათასიან ნიშნულ გადააჭარბა და 11.039 შემთხვევა შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. ამასთან, 22 იანვრის მონაცემებით, მკურნალობის კურსს 70,4 ათასი ადამიანი გადის (კლინიკებსა და საცხოვრებელ ბინაზე).
ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონია“.
„ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად ვრცელდება, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა. იგი 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს – ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს… აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მთავარი განსხვავება
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამტკიცებს, რომ „ომიკრონის“ მთავარი განსხვავება სხვა შტამებისგან სიმპტომატიკაშია.
„ერთი განსხვავება, რაც შეიძლება იყოს გამოსადეგი, ეს არის დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე. „ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „დელტას“ მიმდინარეობას ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძალიან მაღალი ტემპერატურა, ხოლო „ომიკრონს“ ახასიათებს სურდო, ცხვირის გაჭედილობა, ღამის ოფლიანობა.
პროგნოზი
ეპიდემიოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ინფიცირების შემთხევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. მიზეზად სახელდება ვაქცინაციის დაბალი დონე, დისტანციის, პირბადის ტარების და მასობრივი შეკრებების აკრძალვის დაუცველობა.
ივანე ჩხაიძის თქმით, სხვა ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობა მანამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით 3-4-5-ჯერ გაიზარდა.
„ჩვენთვის მანამდე არსებული მაქსიმუმი იყო 6 ათასი, ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში. ეს მატება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია 1.041.749 ინფიცირების შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 956.627 პაციენტმა დაძლია. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო 14.673 ადამიანი გარდაიცვალა.