გერმანიასა და ისრაელში დასაქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდ შანსია, მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, შრომის კულტურას და მიღწევებს გაეცნონ, რაც მომავალში სამშობლოში გამოადგებათ. ასე აფასებენ როგორც აგრარული სფეროს, ასევე ჯანდაცვის ექსპერტები საზღვარგარეთ დასაქმებას, რის შესაძლებლობაც ჩვენს მოქალაქეებს გერმანიასა და ისრაელში ექნებათ. ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, ირაკლი ამირანაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ისრაელში დასაქმება ჩვენი მოქალაქეებისთვის ფინანსურად მისაღებია, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, რასაც ისინი ერთწლიანი მუშაობის პერიოდში მიიღებენ.

,,ქართველი მუშახელისთვის, რომელმაც დამხმარე მუშაკის ფუნქცია უნდა შეითავსოს, ისრაელში დასაქმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, თუკი კლინიკებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. რაც არ უნდა იყოს, ფინანსურად მომგებიანი შემოთავაზებაა, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც ექნებათ. ძალიან კარგი მაგალითია მედპერსონალისთვის, მედდის პროფესიის მქონეთათვის, ვინც აკრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. რაც არ უნდა იყოს, ეს არის შრომის კულტურის მქონე ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობაც მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოსთვის”, – ამბობს ირაკლი ამირანაშვილი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შრომის პირობებითა და განვითარებით იპყრობს ყურადღებას გერმანიის აგრარული სფერო ქართველი სპეციალისტებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში ქართველებს შეუძლიათ გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და შრომის მაღალ კულტურას, რათა შემდეგ ეს გამოცდილება სამშობლოში დანერგონ.

,,გერმანიაში დასაქმების პირობები მორგებულია იმ მუშახელზე, რომელიც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდება. პირველ რიგში, ეს არის შრომის ანაზღაურება, რადგან ხშირ შემთხვევაში, იქაურები არ იმუშავებენ ან დიდ თანხას მოითხოვენ, ხოლო ქართველების დასაქმება დამსაქმებელს დიდი ეკონომიის საშუალებას მისცემს. ცხადია, გერმანიას უფრო ძვირი დაუჯდება საკუთარი მოქალაქეების შრომის ანაზღაურება, ვიდრე დავუშვათ, საქართველოსა და სხვა, ე.წ. იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ის, რასაც გერმანია უხდის ჩვენს მოქალაქეებს, მინიმუმის მინიმუმია იმასთან შედარებით, რა ფასადაც შეიძლება ადგილობრივებს ემუშავათ. ქვეყნის კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მიწათმფლობელს, რომ აიყვანოს დამხმარე მუშა ხელი, ხოლო ვისაც შრომა უნდა, შეძლებს დასაქმდეს. გარდა მეცნიერების დიდი როლისა, იქ არის შრომის მაღალი კულტურა”, – აღნიშნავს აროშიძე.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge .

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც ცნობილია, გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა. გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ინფომმაციით, 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა, თუმცა როგორც გერმანული მხარე განმარტავს “დიდი ინტერესიდან გამომდინარე”, კვოტა 5000-მდე გაიზარდა.