ომის მე-19 დღე უკრაინაში – ქვეყნის 19 რეგიონში განგაშის სიგნალი ისმოდა. კიევი თავდაცვისთვის ემზადება. კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო ვითარების შემთხვევისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად სხდომა გამართა.

“კიევი საომარი მდგომარეობის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას და ემზადება ქალაქის დასაცავად. საგანგებო ვითარების შემთხვევაში კიეველების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ქალაქის ფუნქციონირების შესაძლებლობისთვის, კიევის საბჭოს წევრები შევკრიბეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად სხდომა გავმართეთ. დედაქალაქში ჰუმანიტარული შტაბები მუშაობას განაგრძობს. ჩვენ ვიზიდავთ დახმარებას, ვქმნით პროდუქტებისა და საქონლის აუცილებელ რეზერვს. ვაგროვებთ თანხებს ტერიტორიული თავდაცვისა და ჩვენი დამცველების აღჭურვილობის შესაძენად. მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს გვეხმარება – თითოეულს თავისი შრომითა და ძალისხმევით,” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ოდესაში შესასვლელადაც ემზადებიან. ოკუპანტები ცდილობენ ხარკოვსა და სუმს მიუახლოვდნენ.

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ კვლავ წარუმატებელია რუსი ჯარების გეგმა აიღონ ქალაქი მარიუპოლი. ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დასახლებაში ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რის გამოც მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა.

სკოლა დაინგრა თავდასხმის შედეგად მიკაილოვის რეგიონში, სოფელ ზელენო-გაიში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ირპინში დაბომბვას ემსხვერპლა დედა-შვილი. ამერიკის ხმის ჟურნალისტი კი იტყობინება, რომ დაიღუპა მარიუპოლის სამშობიაროზე იერიშის შედეგად დაშავებული ორსული ქალი.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროები შეაჩერეს მდინარე ირპინის გადალახვისგან.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე გამოძიება დაიწყო რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის ახალი ე.წ. მერის მიმართ. ოკუპანტების დანიშნული გალინა დანილჩენკომ გუშინ დააანონსა, რომ რეგიონში რუსული ტელეარხები დაიწყებენ მაუწყებლობას.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ელექტრომომარაგება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით კი, გადაღლილობის გამო ელექტროსადგურის თანამშრომლებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება შეწყვიტეს.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კი ტელეგრამში წერს, რომ ის შესაძლოა კიევში იყოს და ბრძანებას ელოდებოდეს. კადიროვის განცხადებით, წინა დღეს ის გოსტომელში, კიევიდან 20 კილომეტრის მოშორებით იყო.

ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს. უკრაინის ლიდერმა უკრაინის დახმარების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here