პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს. როგორც “ipn” წერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ფსიქოლოგებთან, აღმზრდელებსა და მეთოდისტებთან ერთად მუშაობს იმის დასადგენად, რა ასაკშია ბავშვის სკოლაში გაშვება მართლებული და სწორი.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია, დადგინდეს არგუმენტი, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის უნდა იყოს.

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღის ჩანაწერის შეცვლასა და ამ ცვლილების ვადებს, ამილახვარის განცხადებით, ამაზე გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

მისივე ინფორმაციით, ასევე, ცოტა ხანში გაირკვევა, რამდენად მზადაა სამინისტრო, ცვლილების შემთხვევაში, პირველკლასელების გაზრდილი ნაკადის მისაღებად.

ცნობისთვის, კანონში არსებული ჩანაწერით, 1-ელ კლასელი სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის უნდა იყოს.