“კრეტის უძველესი დამწერლობა ნამდვილად არის ქართული ანბანის ფესვები. ეს ძირი გაიშიფრა!” ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა იოლი და, ალბათ, არც მომავალში იქნება. კვლავ არაერთი იმპერია გამოჩნდება ჰორიზონტზე, რომელიც მცირერიცხოვანი ერის გაქრობას მოინდომებს, თუმცა რადგან ქართველებმა სახელმწიფოებრიობის გადარჩენაც და იდენტობის შენარჩუნებაც აქამდე შევძელით, მომავალშიც შევძლებთ. ეს იმ ისტორიულმა როლმაც განაპირობა, რომელსაც კაცობრიობის წინაშე ვასრულებდით და კვლავ უნდა შევასრულოთ. ცნობილმა მეცნიერმა, ლინგვისტმა და მკვლევარმა გია კვაშილავამ არაერთი სამეცნიერო შრომა მიუძღვნა უძველესი
მოდგმის ამ საკაცობრიო ღვაწლს. მისი ბოლო კვლევები კუნძულ კრეტაზე დაახლოებით 4000 წლის წინანდელი ქართველური (მინოსური) ცივილიზაციის დადასტურებას ეხება. ამ ცივილიზაციამ უდიდესი როლი შეასრულა ევროპა-აზიის ქვეყნების ურთიერთობაში. მის სათავეში, შესაძლოა, კოლხეთის მითური მეფის, აიეტის და, პასიფაე ვივარაუდოთ. სწორედ ის იყო კრეტის მეფის, სამართლიანობით ცნობილი მინოსის ცოლი.
ბოლო, შთამბეჭდავი კვალი კი კაცობრიობის ისტორიაში ქართველმა ქალმა გარდაცვალების შემდეგ დატოვა. სწორედ ამ უცნობი ქართველი ქალის თავის ქალის პროპორციით მოხიბვლის გამო უწოდა გერმანელმა მეცნიერმა იოაჰან ბლუმენბახმა მთელ თეთრკანიან რასას “კავკაზუსი”. ამ ორ, ერთმანეთისგან ხანგრძლივი დროით დაშორებულ თემას სწორედ საქართველო აერთიანებს. ორივეს შესწავლას, რომელშიც ქართველი ქალის გონიერება და სილამაზე თავის როლს ასრულებდა, გია კვაშილავამ წლები მიუძღვნა.
– აღსანიშნავია, რომ სულ უფრო იკვეთება კაცობრიობის წინაშე უძველესი ქართველური ცივილიზაციის როლი. ეს მსოფლიოში გაბნეული იმ ისტორიული წყაროების დამსახურებაა, რომელთა შესწავლის შესაძლებლობაც ბოლო დროს მოგვეცა. უამრავი ქვეყნის ისტორიკოსი თუ ფილოსოფოსი წერს ქართველების შესახებ იმას, რაზეც აქამდე არაფერი ვიცოდით. ამას ემატება დნმ-კვლევები წინარე ქართველური ტომების მიგრაციის შესახებ, რისი ამსახველი რუკაც ბოლო წლებში ინგლისელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს. ამ რუკაზე 61000-25000 წლის წინანდელი კაცობრიობა სწორედ საქართველოს დღევანდელი ტერიტორიიდან მიემართება ევროპა-აზია-ამერიკისაკენ. ჩვენი ტერიტორიიდან მიგრაციის სამი ხაზი ევროპისკენ, ორი აზიისაკენ მიემართება, უკიდურესი აზიიდან კი ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში გადადის. ეს ფაქტები, რომლებიც დღეს ბევრ ქართველს დაუჯერებლად ეჩვენება და ცოტა არ იყოს, ცინიკურადაც უყურებს, ჩვენზე ადრე აღიარეს უცხოელმა მეცნიერებმა, ჩვენთვის კი მათი შესწავლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ რეალური, ფაქტობრივი წარსულის გამოკვლევით გავითავისებთ საკუთარ როლს დღევანდელ მსოფლიოში, რაც არ ვიცით და რაშიც ხელწამოსაკრავი არ უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება კრეტას, აქ 2008 წლიდან მოყოლებული, ოთხი ექსპედიცია ჩავატარეთ, მაგრამ კრეტაზე ქართველური ცივილიზაციის დადასტურებისთვის არა მხოლოდ კრეტის არქეოლოგია გამოვიყენეთ, არამედ მისი უძველესი წარწერები და დავადასტურეთ, რომ სწორედ აქ არის ის უძველესი ქართული დამწერლობა, რომელიც ჩვენს მშვენიერ ქართულ ანბანს დაახლოებით 4000 წლით უსწრებდა.
– ხომ არ მომესმა? ანუ უკვე ნაპოვნია, რასაც ვეძებდით? ქართული ანბანის უძველესი ძირი?!
– არ მოგესმათ! კრეტის ხაზოვანი (უძველესი ქართველური) დამწერლობა ნამდვილად არის თანამედროვე ქართული ანბანის ფესვები, რის შესახებ მოხსენება წარვადგინე მსოფლიოს უამრავ სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე. ნაშრომები დაიბეჭდა ლონდონის, ოქსფორდის, კემბრიჯის, ათენის, ვილნიუსის, ბერლინის და ა.შ. სამეცნიერო ჟურნალებში… კრეტაზე ქართველური სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ ამ გზით როდი დავადასტურეთ. ჩვენ გამოვიყენეთ ევროპა-აზიის ძირითადი ქვეყნების – ამერიკის, ჩინეთის, რუსეთის მუზეუმებში დაცული ასლები. დღეს ამ თემაზე უკვე 100-მდე მეცნიერული ნაშრომია წარდგენილი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო კონფერენციებზე.…
– ქართველური ცივილიზაცია კრეტაზე!..- მართლაც ასეა და ამ სახელმწიფოს არსებობას ამტკიცებს ყველაფერი – თუნდაც კრეტის მუზეუმებში დაცული ქვევრები, რომელთაგან დაახლოებით 4000 წლის წინანდელ 1000-ლიტრიან ჭურს აქვს უძველესი ქართული წარწერა: “ვინ 32, დიდი კასე ა სამუნე ასე ათაინია არეპირინა ტიტიკუ”, რაც დღევანდელი ქართულით ასე იშიფრება: “ღვინოს, 32 დიდ ჭურჭელ სასმელს, ახლა ათენა მიწისას (იგულისხმება ქალღმერთი ათენა, რომელმაც ადამიანებს მიწაზე შრომა ასწავლა…) შეჰპირდა ტიტიკუ”.
– შეიძლება ვიფიქროთ, რომ “ტიტიკუ” დღევანდელი ქართულით სახელი “ტიტიკოა”?
– რასაკვირველია, შეგიძლიათ, თუმცა მე უფრო კრეტის ქართველური ცივილიზაციის შექმნილი, დაახლოებით 3500 წლის ფრესკები მაოცებს, რომლებიც კრეტის უძლიერესმა მიწისძვრამ დაფარა ქრისტემდე 1500 წელს და მანვე გადაარჩინა გაქრობას. დღეს ეს ფრესკები აღდგენილია და მათზე გამოსახული თუნდაც ქალბატონები ისე ჰგვანან თანამედროვე ქართველ ქალბატონებს, რომ ხშირად წარმოსახვით ერთმანეთს ქუჩაშიც კი ვადარებ და უდიდეს მსგავსებას ვპოულობ, რაც ემოციურად ჩემზე ძალიან მოქმედებს.
– მითების თანახმად, სწორედ კრეტის მეფის, მინოსის, მეუღლე იყო კოლხეთის მეფე აიეტის და, მედეას მამიდა პასიფაე…
– დიახ, მითების თანახმად. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა კრეტის შესწავლა დაიწყეს, პასიფაეს და მინოსის კვალი რეალურად დადასტურდა, კერძოდ, როდესაც ლეგენდარულმა არქეოლოგმა არტურ ევანსმა კრეტას პირველი არქეოლოგიური ბარი დაჰკრა, ის სწორედ მინოსისა და პასიფაეს სამართლიანობის ტახტს მოხვდა, რომლის ასლი ახლა ჰააგის სასამართლოში ინახება. მეფე მინოსი, მითების თანახმად, სწორედ სამართლიანობის სიმბოლო იყო. რაც შეეხება პასიფაეს, ქალის როლი კრეტაზე ძალიან დიდი იყო. ისინი ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ, შესაბამისად, სამართლიანობის ტახტზე პასიფაეც უნდა დაბრძანებულიყო. მე მქონდა პატივი, ამ ტახტის ასლზე დავმჯდარიყავი და ეს უჩვეულო სიმსუბუქის განცდა იყო. კრეტაზე აღმოჩენილი სამართლიანობის ტახტი, ჩემი აზრით, სწორედ ქალის უნდა იყოს და არა – კაცის.
– ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პასიფაე იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც კაცობრიობას სამართლიანობის ტახტით შემორჩა… აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ უცნობ ქართველ ქალზეც, რომლის თავის ქალის ფორმის გამოც მეცნიერებმა მთელ ევროპულ რასას “კავკაზუსი” უწოდეს…
– დიახ, ასეა. მის ვინაობასაც მართლაც წლების განმავლობაში ვიკვლევდი და საბოლოოდ გეტინგენის მუზეუმში ამ ბედკრული ულამაზესი ქალის თავის ქალის ნახვითა და შეხებით დავასრულე. ამ მომენტმა ისე შემძრა, ახლაც არ მავიწყდება. ამ ისტორიას მას შემდეგ ვსწავლობდი, რაც სტუდენტობაში წავიკითხე გერმანელი ფილოსოფოსის, ჰეგელის ფრაზა: “კაცობრიობის განვითარება კავკასიიდან იწყება”.” აი, ამ ფრაზით მივადექი გერმანელი ანთროპოლოგის, ბლუმენბახისა და იმ ქართველი ქალის თავის ქალას, რომლის გამოც ამ მეცნიერმა ყველა თეთრკანიანს “კავკაზუსი” უწოდა. ერთხელ პროფესორმა რამინ რამიშვილმა მითხრა, შესაძლოა, ამ ისტორიას სულ ტყუილად იკვლევ, რადგან თავის ქალა სულაც აღარ არსებობს და გერმანიის დაბომბვის დროს განადგურდაო, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა.
ამ ქალის ისტორია წარმოშობით გერმანელი რუსეთში მცხოვრები მეცნიერების ნაშრომებში აღმოვაჩინე. გაირკვა, რომ რუსეთ-თურქეთის 1787-1791 წლების ომის დროს, როდესაც რუსეთმა თურქეთს ყირიმის სახანო წაართვა და ყველა ქრისტიანი ტყვე გაათავისუფლა, ტყვედ გატაცებული ეს ულამაზესი ქართველი ქალი იქაურ ჰარამხანაში იპოვეს, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოდან გატაცებული, რადგან მალარია აღმოაჩნდა გადატანილი… ქალი ისეთი ლამაზი იყო, რომ რუსმა უმაღლესმა სარდლობამ არ დატოვა და მოსკოვში წაიყვანა, სადაც უკვე დაავადებული 8 თვეში გარდაიცვალა. ეს ქართველი ქალი დიდგვაროვანი იყო და ეს იმითაც ჩანს, რომ მისი დაავადების დასადგენად უმაღლესი რანგის ექიმი, რუსეთში დაბადებული გერმანელი იოჰან ჰილტებრანდტი მიიწვიეს. სწორედ მან დაადასტურა, რომ ეს მშვენიერი არსება ქალური დაავადებით გარდაიცვალა, ექიმმა კი გარდაცვლილის თავის ქალა გამოითხოვა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ქალა სამედიცინო კვლევებისთვის გამოეყენებინა. წერდა კიდეც, ქალას რუდუნებით ვინახავ სამეცნიერო სამუშაოებისთვისო. შემდეგ ის სანქტ-პეტერბურგში დაუკავშირდა ასევე ცნობილ გერმანელ ექიმს, ბარონ გეორგ თომას ფონ აშს, რომელმაც თავის ქალა თავის პროფესორ იოჰან ბლუმენბახს გაუგზავნა გერმანიაში. ბლუმენბახი ისე გააოცა ქართველი ქალის თავის პროპორციულობამ, რომ როგორც გეტინგენის უნივერსიტეტში გვითხრეს, ღამით სანთლით შეჰყურებდა, რათა მისი სილამაზე ცოცხლად წარმოედგინაო. წერდა კიდეც აღფრთოვანებული, – სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხი, ქართველები ცხოვრობენო. თეთრკანიან რასასაც სწორედ ამ ქალის პროპორციულობის გამო დაარქვა “კავკაზუსი”. ეს სახელი ყველა თეთრკანიანის აღმნიშვნელად იქცა და ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით – ამერიკაში, დღესაც ასეა. მაგალითად, ბარაქ ობამას დედას, რომელიც თეთრკანიანი იყო, რასის აღსანიშნავად დოკუმენტაციაში სწორედ “კავკაზუსი” უწერია. დოქტორმა მიხაილ შულცმა, რომელმაც თავის ქალა გეტინგენის უნივერსიტეტში წარმოგვიდგინა, მითხრა, პირველი ქართველი ხარ, რომელმაც ეს ქალა 230 წლის შემდეგ ახლოს ნახა, უფლება გაქვს, ხელითაც შეეხო, მაგრამ საუბრისთვის მხოლოდ ხუთი წუთი მაქვსო. ძალიან ემოციურად მახსოვს ის დღე და ისიც, რომ შემდეგ პატივცემულმა დოქტორმა საუბრისთვის 5 წუთი კი არა, 2 საათი დამითმო. საქმე ის გახლავთ, რომ მე მათემატიკოსი ვარ და მაშინვე გამახსენდა თეთრი, კავკასიური რასის სახის კუთხის 90%-იანი დახრილობის ამბავი, რომელიც ბლუმენბახმა და სხვა ანთროპოლოგებმა გაზომეს. ეს კუთხე სახეზე გავლებული ორი ხაზით განისაზღვრება, ხაზები, პირობითად, გამოდის, ერთი – ყურის გარეგანი არხიდან ცხვირის ძგიდემდე, მეორე კი – შუბლის შუა ნაწილიდან ასევე ცხვირის ძგიდემდე და შეერთების ადგილას ქმნის 90%-იან კუთხეს. თუმცა ამ ამბის ხსენება მე-20 საუკუნის გერმანიაში იმ უმძიმესი მოვლენის გამო იყო აკრძალული, რომელსაც ფაშიზმი ერქვა. ადოლფ ჰიტლერი ადამიანებს სწორედ ამ კუთხით განასხვავებდა და ხვრეტდა.
წყარო კვირის პალიტრა