3 წლის წინ, ავთვისებიანი კარცენომის დიაგნოზით, 5 თვის ფეხმძიმე ჩამოვედი იტალიაში, – გვიყვება ემიგრანტი თეონა სტეფანოვი, რომელიც exclusive TV-ს თავისი ისტორიის გასაზიარებლად დაუკავშირდა.

,,მინდა, ჩემი სიხარული ყველა ემიგრანტს გავუზიარო, მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. თუმცა, მანამდე ჩემს ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თითქოს დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ყველაფერი სიმართლეა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ქორწინებიდან, რამდენიმე წლის მანძილზე ბავშვი არ გვიჩნდებოდა. რვა წლის შემდეგ დავფეხმძიმდი, თუმცა ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. იტალიაში დედაჩემი ცხოვრობდა, გადავწყვიტე მასთან წავსულიყავი და მკურნალობა იქ დამეწყო. მეუღლემ იმედიანი თვალებით გამომაცილა, რადგან ორივე ვფიქრობდით, რომ გამოსავალს იტალიაში ვიპოვიდით. სამი თვის შემდეგ თავადაც ჩამოვიდა.

დედა, საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი იყო თუმცა ახლა „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი) უწევს მუშაობა. ჩამომიყვანა, მისი დიდი და საოცრად გულიანი მეგობრების მხარდაჭერის იმედით, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედაჩემის ქართველ და იტალიელ მეგობრებს, მადლობა საჯაროდ გადავუხადო.

ღვთის მადლით, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ჩემი ოპერაციაც წარმატებით დასრულდა. ქართული დიაგნოზი, „ადენომა“  მშვიდმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა და გარკვეული პერიოდით იტალიაში დარჩენა გადავწყვიტეთ.

მუშაობა ერთ ხანდაზმულ მოხუც ქალბატონთან დავიწყე, რომელიც სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე და ვიფიქრე, მოხუცის მომვლელად აღარ ვიმუშავებდი, მაგრამ სამსახურის ძიების პროცესში დედას მეგობარმა დამირეკა რომ ერთ ოჯახს, სადაც ხანდაზმული იტალიელი ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ, დამხმარე ესაჭიროებოდათ. მიუხედავად, იმისა რომ გადაწყვეტილი მქონდა მსგავსი სამუშაო აღარ შემესრულებინა, მაინც დავთანხმდი და მათთან მუშაობა დავიწყე. პირველივე დღიდან, მათთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარი შვილიშვილი და არა ვიღაც, უთვისტომო, ვინც 3000 კილომეტრიდან ჩამოვიდა.

ორი კვირის შემდეგ, “ბებია” მარიზამ მკითხა, ავტომობილის ყიდვას ხომ არ აპირებთო? – ვუპასუხე კი, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. მეორე დღეს სამსახურში მივედი და მითხრეს, რომ გადაწყვიტეს, მათი ავტომობილი მე მაჩუქონ.

ეს იმდენად მოულოდნელი იყო გავოცდი, მე მათთვის, ამ სიკეთის საფასური ნამდვილად არაფერი გამიკეთებია. ეს იყო, მომენტი, როცა მადლიერების სიტყვები ზედმეტი იყო. მაგრამ ეს არის ორი საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გზა მათთან გადაიკვეთა. მადლობა მათ შვილებს, მარკო და ვალენტინა ორთოლანებს, რომ პატივი სცეს მშობლების გადაწყვეტილებას. ვიცი ისინი ქართულად ვერ წაიკითხავენ, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ “ძალიან კარგი შვილები ხართ და საოცარი მშობლები გყავთ“. ჩემს სიხარულს და მადლიერებას მათდამი პატივისცემით, გულისხმიერებით და ერთგულებით გამოვხატავ. კიდევ ერთხელ საჯარო მადლობა, მათ ამ საჩუქრისთვის.

იმ ქართველებს მინდა, მივმართო, ვინც იტალიაში „ბადანტედ“ მუშაობს და ოჯახებში თავს ცუდად გრძნობენ, ან ცუდად ეპყრობიან. ნუ ფიქრობთ, რომ ყველა იტალიელი ერთნაირია. არ შეიძლება ერთი ოჯახის მაგალითით განვსაჯოთ სრულიად ქვეყნის მოსახლეობის ავკარგიანობა. მჯერა,რომ თქვენც გაგიმართლებთ, თქვენს ცხოვრებაშიც შემოვლენ კარგი იტალიელები, რადგან ცოტანი არ არია.