იტალიის მთავრობა ქვეყანაში ევროპიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩასული ტურისტებისათვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.  ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიაში ტურიზმის აღორძინება მაისის შუა რიცხვებიდან არის დაგეგმილი. დი მაიოს თქმით, მან ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცასთან ერთად განიხილა შეზღუდვების მოხსნა იმ ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისათვის, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ამჟამად, იტალიაში ტურისტებისათვის ხუთდღიანი საკარანტინო პერიოდი მოქმედებს. ამასთან სავალდებულოა ტესტირება ქვეყანაში შესვლამდე და თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ. აშშ-დან ჩასული ტურისტებისათვის კი 10-დღიანი კარანტინი მოქმედებს.

ლუიჯი დი მაიოს განმარტებით, დღეისათვის არსებული შეზღუდვები მოიხსნება ევროპიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩასული იმ ტურისტებისათვის, რომლებიც ვაქცინაციის სერთიფიკატს ან კოვიდ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, ან რომლებმაც დაავადება ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიტანეს.