ამბავი იტალიაში მყოფ ემიგრანტ ქალბატონზე, რომელიც, მიუხედავად ემიგრანტად ყოფნისა, ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს. მშვიდი და ხავერდოვანი ხმის პატრონს, სხვის ქვეყანაში მოსახლეს, სხვის ზრუნვაში ჩართულს და სამშობლოზე მონატრებულს, ყოველთვის აქვს უნარი და ენერგია კარგი განწყობა შეგიქმნას, ისე, როგორც ამას ძველი მეგობრები ახერხებენ.

ლეილა გაგნიძის ისტორია, ჩემთვის და ალბათ სხვა მრავალი ემიგრანტისთვის, გადარჩენის და პრობლემებზე გამარჯვების მაგალითია. 

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

„შუაკვირა მშვიდობის ყველას. მარტის ბოლო რიცხვები. ოთხშაბათი. შუადღე. ტელეფონზე ზარი და ექიმს აინტერესებს, – წახვალ შენს ქვეყანაში თუ აქ დავიწყოთო.“

და დაიწყო. 9 ქიმიოთერაპია, კვირაში ერთხელ,  რომლის გასაკეთებლად, მართლა ხალისით მივდიოდი და იქაც სიხარულით მელოდნენ, იტალიელი ქიმიო-თერაპევტები. პალატის პაციენტები ანუ „თანაპალატელები“, მეფერებოდნენ, მკოცნიდნენ და სამკაულებს მიმოწმებდნენ. ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა პარიკი, რომელიც, ჩემია მარტო ჩემი, მე მარგუნა ღმერთმა და ძალიან მიყვარს. კვლავ უამრავი ანალიზი. კიდევ ერთხელ გამოკვლევა.

–  ქალბატონო კარგად გესმით იტალიური?

– კი საშუალო დონეზე.

– რა ეროვნების ბრძანდებით?

– ქართველი და მეამაყება ჩემი ქართველობა.

შემაცურეს სპეციალურ აპარატში. – ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა, – მესმის მშობლიური, დალოცვილი ქართული სიტყვები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. (სამედიცინო დაწესებულებაში არსებობს აპარატი, რომელიც პაციენტს, კვლევებისთვის საჭირო მოძრაობების შესრულებას მშობლიურ ენაზე აწვდის)

– ისუნთქეთ თავისუფლად. – და ისეთი ამოვისუნთქე, ალბათ, რაც ათი წელი ჩაგუბებული დარდი მქონდა ორგანიზმში სულ იმ ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე.  შემდეგ იყო ანესთეზიოლოგი:

 ეწევით? 

– არა.

– ალკოჰოლს იღებთ?

– უიი, არა.

– რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ?

– რას ამბობთ, ყველზე ჯანმრთელი ქალი ვარ მსოფლიოში. ანესთეზიოლოგი სათვალეს იხსნის და მიყურებს.  არა და მან იცის ვინ უზის წინ.

– რამე ქირურგიული ოპერაცია გაკეთებული გაქვთ?

– არა. არა. არა. და კიდევ ბევრ კითხვაზე, პასუხი იყო – არა. 25 ივლისს დამინიშნეს ოპერაცია. ქიმიოთერაპიის ყველა ექთანი საოპერაციომდე მაცილებს, მკოცნიან,  მემშვიდობებიან, „ბუონა ფორტუნა“, „ბოკა ა ლუპო“.  ცრემლს არ მაჩვენებენ და მტოვებენ საოპერაციოს კარებთან.  ივლისია. ცხელა. მე მცივა თეთრ ზეწარგადაფარებულს. არ ვფიქრობ არაფერზე, მხოლოდ თითზე გაკეთებული ჟანგბადის საზომი აპარატი მიჭერს ძალიან და მასზე ვფიქრობ, როგორ უნდა ვიყო ასე შეწუხებული მთელი ოპერაციის დროს. ჩამოიცალა წვეთოვანი. ზურგზე უცნაურ შეგრძნებას ვგრძნობ, გეგონება კედელს ღებავენ. თურმე სპინალური ანესთეზიისთვის მამზადებდნენ.

მეუბნებიან, დაითვალეო. ერთი, ორი, სამი… აქვს კი აზრი რა ენაზე დაითვლი?  ოპერაცია რვა საათი გაგრძელებულა. „სინიორა“ (ქალბატონო)  თვალები გაახილეთ. მეც დავუჯერე და გავახილე.  როგორ ხართ „სინიორა“? გმადლობთ, კარგად  და ღიმილით ვეკითხები, – თქვენ?  ვატყობ დაღლილები, მაგრამ გამარჯვებულები არიან  და ეღიმებათ ჩემს კითხვაზე.  მერე… აღარ დავწერ, ერთი კვირა როგორ ვიყავი.  მხოლოდ მაღალი საწოლი იყო და ის მაწუხებდა, რომ ვერ ვჯდებოდი, ჩემს ნებაზე. მე ხომ სულ უმნიშვნელო რაღაცები მაწუხებს.

ერთი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნება. რა თქმა უნდა უცხო ქვეყანაში და უცხოს სახლში. გარეთ უკვე აგვისტოა და ცხელა  მე კი ისევ მცივა. გარედან თორემ თერმომეტრი 40-ს სცდება. ისევ სასწრაფოდ გეზი საავადმყოფოსკენ და ისევ ის პალატა საიდანც გამომწერეს, ერთადგილიანი და ისევ, ის ჩემი მაღალი საწოლი მელოდა. ერთი კვირის განმავლობაში თითებგადაჯვარედინებული ხელებით და გაგნიძეს ძახილით შემოდიოდნენ ექიმები და ტემპერატურას მიმოწმებდნენ.

ის ერთი კვირაც გადავაგორე და საბოლოოდ დავემშვიდობე 36,7-ს.

მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. წინ კიდევ მიწევდა სხვა, 400 კილომეტრიანი გზის გავლა, ყოველ დღე, სამი თვის განმავლობაში. ახალი რადიოთერაპევტების გაცნობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ახალი და იქაც, მაღალ საწოლზე დაწოლა, მაგრამ იქ, როგორც დედოფალს, ისე მაცილებდნენ, ორსაფეხურიან კიბეზე ასასვლელად რადიოლოგი ჯენტლმენები,  სადაც ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად დაწოლილი ვიწყებდი და ვამთავრებდი, ისევ ვიწყებდი და ვამთავრებდი „მამაო ჩვენო“- ს ლოცვას. ხან სათითაოდ, ასოებით ვითვლიდი თუ რამდენი ასოსგან შედგებოდა მთლიანი ლოცვა.

ამჟამად არა თანა-პალატელები, არამედ ახალი „თანამარშუტკელი“ იტალიელი მეგობრები გავიცანი. გავიცანი და დღემდე ვმეგობრობ მათთან. მგზავრობისას ტრადიცია იყო, ლოცვა, რომელსაც კითხულობდა ერთი ასაკოვანი ქალბატონი და ყველა სულგანაბული უსმენდნენ. ტრადიცია იყო აგრეთვე, სანამ რადიოლოგიურ სხივებს გვიკეთებდნენ, წმინდა მარიამისთვის მოწყობილ კუთხესთან, ექთნის მიერ წაკითხული ლოცვის მოსმენა. ტრადიცია იყო აგრეთვე, ვინც რადილოგიურ სხივებს ამთავრებდა, წვენებით და ტკბილეულით გამასპინძლება და ისე დამშვიდობება. ჩვენთან არც მე დამირღვევია ტრადიცია და არც ქიმიო-თერაპევტებს. ჩემს „თანამარშუტკელ“ მეგობრებსაც გავუმასპინძლდი ჩემი ტორტით.

აი, ასე, 2016 წლის 2 დეკემბრიდან ახალი ცხოვრება დავიწყე. უფრო ენერგიული, უფრო გააზრებული, უფრო შეყვარებული სიცოცხლეზე, შეყვარებული ყოველ გათენებულ და დაღამებულ დღეზე. ყოველ დილით, თვალის გახელისას, რომ ვესალმები და ყოველ საღამოს რომ ვემშვიდობები ღმერთს.

დღეს, რატომღაც, ოთხი წლის შემდეგ, მომინდა დამეწერა, ეს პატარა ისტორია. მინდა, რომ წაიკითხოთ და განუგეშოთ ან ნუგეში მოგცეთ, ვინც დღეს ვერაგ სენს ებრძვით. ყველაფერი წარმავალია, ესეც გაივლის. კიბო განაჩენი არა არის.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის,  თანადგომისთვის

წყარო exclusive TV