საქართველოს მთავრობა თავისი მოქალაქეების ევროპაში სეზონური დასაქმების თაობაზე მოლაპარაკებებს კიდევ ცხრა ქვეყანასთან აწარმოებს, ნათქვამია ანგარიშში მინისტრთა კაბინეტის მუშაობის შესახებ, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა.

ამჟამად საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მიიღეს სეზონურ სამუშაოებზე გერმანიასა და ისრაელში წასვლის უფლება. წლის ბოლომდე სეზონური შრომითი მიგრანტების მიღებას საქართველოდან საფრანგეთი დაიწყებს.
ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემებით, ქართულმა მხარემ შეთანხმების დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თაობაზე უკვე გააგზავნა პორტუგალიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, კვიპროსსა და უნგრეთში.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

მსგავს შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები წარმოებს ბელგიასა და საბერძნეთთან, დაწყებული მოლაპარაკებები ფინეთთან.

საუბარია სეზონურ სამუშაოზე რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე ვადით. სამუშაოდ წასასვლელად მსურველები ჯერ რეგისტრაციას გადიან სპეციალურ პორტალზე, შემდეგ კი – გასაუბრებას.

თითოეულ ქვეყანას თავისი მოთხოვნები აქვს ასაკთან, კვალიფიკაციასთან და ენების ცოდნასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი კრიტერიუმია, რომ არ უნდა იყოს დარღვეული კანონი და სავიზო რეჟიმი.

საქართველოს მთავრობამ თავისი მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში ლეგალურად გაგზავნის გადაწყვეტილება ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არქონის გამო მიიღო.