ევროკომისიას  ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მიღწევის – „შენგენის თავისუფალი ზონის“ რეფორმირება სურს. ამის შესახებ Euronews წერს.

1995 წელს შექმნილი შენგენის ზონა 400 მილიონზე მეტ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, გადაკვეთონ საზღვრები სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და პასპორტის შემოწმების გარეშე.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

შენგენის ზონა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 22-ს აერთიანებს. იგი ასევე მოიცავს, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიას, შვეიცარიას და კიდევ რამდენიმე ჯუჯა-სახელმწიფოს. შენგენის ქვეყნებს შორის ყოველდღიურად 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდება.
<ლ მიუხედავად დიდი პოპულარობისა, „შენგენი“ მნიშვნელოვნად დააზარალა ორმა ბოლოდროინდელმა კრიზისმა: 2015 წელს მიგრანტებისა და ლტოლვილების დიდმა ნაკადმა და კორონავირუსის პანდემიამ. აღნიშნული კრიზისების გამო ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა სასაზღვრო შემოწმებები დააწესეს. იმისათვის, რომ „შენგენის ზონა“ პოსტპანდემიური ეპოქისთვის მოამზადონ და ის კიდევ უფრო „ძლიერი და უფრო მეტად მოქნილი“ გახადონ, ევროკომისიამ ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც სამ მთავარ მიმართულებას ითვალისწინებს: გარე საზღვრებს, შიდა ზომებს და მმართველობას. "შენგენის" ახალი სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სამსახური Frontex-ი შეინარჩუნებს თავის წამყვან როლს ევროკავშირის გარე საზღვრების მართვაში. როგორც Frontex-ში ელოდებიან, 2027 წლისთვის მათ 10 000 ოფიცერი ეყოლებათ, წელს კი 5000 ოფიცერი საზღვრების დაცვისთვის უკვე მუშაობს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისტემის (API) გამოყენებას შენგენის ზონაში განხორციელებულ შიდა ფრენებზეც. ახლა ის ინფორმაციას მხოლოდ იმ მგზავრებზე აგროვებს, რომლებიც შენგენის სივრცეში შედიან. ამასთან, ბრიუსელს სურს უფრო რეგულარული დიალოგი ქვეყნების მთავრობებთან, რათა საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება მოხდეს. სტრატეგიის წარდგენისას, ევროკომისარმა ასევე ისაუბრა შენგენის ზონის პოტენციურ ახალ წევრებზე და ამ კონტექსტში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის მიმართ, რომელთაც შენგენში შესვლის განაცხადი უკვე გაკეთებული აქვთ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.