1 ივნისიდან ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ხორვატიამ და ჩეხეთმა – ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო, რომელიც გაერთიანების შიგნით მიმოსვლას გაამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

“დღეს უკვე 7-მა წევრმა სახელმწიფომ – ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ხორვატიამ და ჩეხეთმა – ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო, იმ დროს, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ციფრული სერტიფიკატი მხოლოდ მაშინ დანერგოს, როდესაც ყველა ფუნქცია მთელ ქვეყანაში იქნება გაშლილი”, – აღნიშნულია ევროკომიის განცხადებაში.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდ-პასპორტების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური სერთიფიკატები 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კოვიდ-პასპორტი გულისხმობს ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო, ხოლო მას ამავდროულად ექნება QR-კოდი, რომელიც ინდივიდუალურია ყველა მოქალაქისათვის. ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო მის განხორციელებაში ევროკავშირის მოქალაქეებსა და ტურისტებს კოვიდ-პასპორტი დაეხმარებათ. დოკუმენტი იარსებებს როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული ფორმატით, ხოლო მონაცემთა ციფრული საკონტროლო ბაზა უკვე რამდენიმე დღეში ამუშავდება.

ევროკავშირის ქვეყნებში იგეგმება კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტის ინსტიტუტის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანა, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეებს გაათავისუფლებს პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვებისაგან.