სლოვენიაში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვები აღდგება. დაიხურება სკოლები და არაპირველადი მოხმარების პროდუქტების მაღაზიები. საფრანგეთში კი, სადაც მთავრობას ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო აკრტიკებენ, მთავრობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის აცრის პროცესი დაჩქარდება და ქვეყანა მალე დიდ ბრიტანეთს დაეწევა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 57-მა პროცენტმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.

გაერთიანებულ სამეფოში 30 მილიონს გადასცდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც უკვე მიიღეს ვაქცინის პირველი დოზა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ვაქცინაციის სულ უფრო მეტი ცენტრი იხსნება. დიდი ბრიტანეთი, სადაც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 57 პროცენტი უკვე ნაწილობრივ აცრილია, ვაქცინაციის ტემპით საკმაოდ უსწრებს თავის ევროპელ მეზობლებს. მაგრამ არსებობს გარკვეული ვნებათაღელვა მარაგებთან დაკავშირებით. ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა  შეზღუდვების შემსუბუქებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გაერთიანებული სამეფოს კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრი ოლივიერ დოუდენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხია გასათვალისწინებელი. მისი თქმით, ბევრ მეზობელ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა ხოლმე დიდ ბრიტანეთშიც, თუმცა ახლა იმედოვნებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება, რადგან უკვე ბევრი ადამიანია აცრილი. თუმცა მან ყველას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის მთავრობას კი ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო აკრიტიკებენ, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მალე ქვეყანა დიდ ბრიტანეთს დაეწევა. საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროგრამა დაჩქარდება, რათა ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინის კუთვნილი დოზა.

ამავდროულად, ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამ წლის ივნისში კორონავირუსის ახალი ევროპული სერტიფიკატი დაინერგება. ევროკომისარი შიდა ვაჭრობის საკითხებში ტიერი ბრეტონი აცხადებს, რომ ეს სერტიფიკატი დამადასტურებელი საბუთი იქნება, ადამიანი აცრილია თუ არა, რომელი ვაქცინა აქვს გაკეთებული, აქვს თუ არა ანტისხეულები და გადაუტანია თუ არა ვირუსი.  სერტიფიკატში ასევე შესული იქნება გაკეთებული PCR ტესტის შედეგებიც.

იმ დროს, როდესაც ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების თაობაზე საუბრობენ, სლოვენია უკანასკნელია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც შეზღუდვები კვლავ დაწესდა. ქვეყანაში დაიხურება სკოლები და არაპირველადი მოხმარების პროდუქტების მაღაზიები. ადამიანებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ვაქცინაციის ან დაინფიცირების შემდეგ იმუნიტეტის არსებობის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ.

წყარო euro news georgia