ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს არააუცილებელ მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას ვაქცინირებული ადამიანებისთვის.

„კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არააუცილებელი ვიზიტისთვის დაუშვან არა მხოლოდ ის ინდივიდები, რომელთა ქვეყნებშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია, არამედ ის პირებიც, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინების საჭირო დოზები მიიღეს. ამაში ასევე იგულისხმება ის ვაქცინები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაშია“,– ვკითხულობთ ანგარიშში

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეს შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზა  ჩამოსვლამდე 14 დღით ადრე მიიღეს ან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები დამატებით PCR ტესტს ან კარანტინსაც მოითხოვენ, ეს უნდა შეეხოს არაწევრ ქვეყნების მგზავრებსაც.

ეს შესაძლოა ძალაში შევიდეს ციფრული მწვანე სერტიფიკატის ამოქმედების შემდეგ, იმ წესებთან ერთად, რაც კომისიას 17 მარტს წარადგინა. უფრო ზუსტად, მგზავრებმა უნდა დაამტკიცონ მათი ვაქცინაციის სტატუსი ციფრული მწვანე სერტიფიკატის საშუალებით, რომელსაც გასცემს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ინდივიდუალურ დონეზე ან წარადგინოს ისეთი სერტიფიკატი, რომელსაც კომისია აღიარებს.

კომისიის რეკომენდაციით, ციფრული მწვანე სერტიფიკატის ამოქმედებამდე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატები არაწევრ ქვეყნებიდანაც უნდა ცნონ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული სერტიფიკატის ვალიდურობის, ნამდვილობის და შესაბამისობის შემოწმება შესაძლებელია.

ამასთან ერთად, კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შექმნან პორტალი, სადაც არაწევრ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ სერტიფიკატების ატვირთვა ავტორიზაციისთვის.

ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შეუძლიათ მოგზაურობა აცრილ მშობლებთან ერთად, თუ მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული მათი PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ტესტის მოთხოვნა ჩამოსვლის შემდეგაც.

ამჟამად არააუცილებელი ვიზიტი 7 ქვეყნიდან არის დაშვებული, სადაც  კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ამ ქვეყნების სიას ევროკომისია ადგენს ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: tabula.ge