2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის ქონა, სავალდებულო ხდება.

ე.წ. კატალიზატორის მქონე ავტომობილები საქართველოში საკმაოდ მცირეა. სამომხმარებლო ბაზარი ძირითადად მეორად მანქანებს იყენებს, რომლებსაც ან შეძენამდე არ მოჰყვა ქარხნული წესით დამზადებული აღნიშნული, საწვავის წვის შედეგად გამონაბოლქვი მავნე ნივთიერების გამფილტრავი საავტომობილო ნაწილი, ან მისი ამოღება და გაყიდვა თავად მძღოლებმა გადაწყვიტეს. როგორც ცნობილია, ქარხნული კატალიზატორი ძვირადღირებულ მეტალებს შეიცავს და მისი გადადნობის შედეგად ოქროს მიიღებენ.

ვის შეეხება გამკაცრებული კანონი, რა ხარჯების გაღება მოუწევთ მძღოლებს კატალიზატორის ავტომობილებში დასამონტაჟებლად და რა სარგებელს მოიტანს რეგულაცია, რომელმაც ჰაერის გაჯანსაღება უნდა უზრუნველყოს.

როგორც “რუსთავი 2-ს” ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, 2022 წელიდან გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა მკაცრდება და როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს.

ვაჟა იორდანიშვილი ასევე განმარტავს, თუ რომელი ტიპის და რომელი წლიდან შემოყვანილ ავტომობილებს შეეხება გამკაცრებული რეგულაცია.

“კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილებისთვის არ არის. ეს რეგულაცია შემოსულია 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებზე. მათთვის კატალიზატორის ქონა იქნება სავალდებულო.

რაც შეეხება 2022 წელს აქ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა მკაცრდება და ჩამოდის დაბლა, თუ 2021 წელს იყო 0,6 % 2022-წლიდან თითქმის ორმაგდება და მისი ქვედა დასაშვები ზღვარი ხდება 0,5 და 0,3 დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად მართალია კატალიზატორი ყველას არ მოეთხოვება, მაგრამ ნორმა საკმაოდ მკაცრდება.

კატალიზატორები ვისაც ამოღებული აქვს იმის დაბრუნება შეიძლება, თუმცა არ ვიცი რესურსი რამდენად ეყოფათ იმ დაბალი ხარისხის კატალიზატორებს.

​რაც მოხსნეს და ჩააბარეს ის სამკომპონენტიან ძვირადღირებულ მეტალებს შეიცავს და შესაბამისად ძვირი ღირს. რასაც აყენებენ იმან შესაძლოა ნორმა დააკმაყოფილოს, მაგრამ რესურს რამდენად დააკმაყოფილებს და რამდენი წელი გაძლებს ამას დრო გვაჩვენებს.

ტექინსპექტირების ცენტრებში შემოწმდება გამონაბოლქვის კოეფიციენტი და აქედან დაადგენენ რამდენად გამართულად მუშაობს კატალიზატორი, ამას კი სპეციალური მოწყობილობა ადგენს,”- აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულებაც.

საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მევლუდ მელაძე “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს აცხადებს, რომ ავტომობილებში ე.წ. კატალიზატორების დაყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის წინაპირობაა.

“კატალიზატორის უკან დაბრუნება მანქანებზე რთული იქნება. მანიპულაციების ჩატარება გაცილებით ძვირიც დაჯდება, კატალიზატორი კი უკვე ძალიან ბევრ მანქანას აღარ აქვს. ავტომობილები, რომელიც 2020 წლის აპრილიდან შემოვა მათ აუცილებლად მოეთხოვებათ კატალიზატორები.

ქარხნული კატალიზატორი გაცილებით ძვირი და დახვეწილია, რომელიც გაცილებით ფუნქციურია და კარგი. ეს ინიციატივა საკმაოდ კარგია და მივესალმები, ევროპულ ოჯახში სხვანაირად ვერ შევალთ იმიტომ, რომ ევროპა ზრუნავს ეკოლოგიაზე და მეორე დაავადებების მეტი წილი სწორედ ამ გამონაბოლქვიდან მოდის.

კატალიზატორიანი ავტომობილის გამონაბოლქვი ბევრად ჯანსაღი და კატალიზატორს დაყავს 0,01-მდე გამონაბოლქვი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ახერხებს გააქროს და გაფილტროს გამონაბლოქვი. ამიტომ კაატალიზატორის ხარჯზე მოხდება ეკოლოგიის გაუმჯობესება საგრძნობლად, ჯანმრთელობა კი ყველაზე ძვირფასია.

კატალიზატორების ჩაჭრას და პატარა სარგებლის ნახვას, უმჯობესია გრძელვადიან პესრპექტივაში გაცილებით სუფთა ქალაქი გვქონდეს,”- აცხადებს მევლუდ მელაძე.

რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კატალიზატორების ავტომობილში ჩაყენება?

“შეიძლება მინიმუმ ეს იწყებოდეს 600 ლარიდან ეს იქნება მარტივი და იაფიანი კატალიზატორი, რომელმაც შეიძლება ერთი წელი გაქაჩოს. გააჩნია ავტომობილს, რადგან შეიძლება ეს ხარჯი 10 000 ლარამდეც გაიზარდოს ხარჯი. თვითონ კატალიზატორები იმდენად ძვირი ღირს ზოგ შემთხვევაში, რომ შესაძლოა ავტომობილის ღირებულებასაც კი გაუტოლდეს,”- აცხადებს მევლუდ მელაძე.

ავტორი: Prime Time