„საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა იასპარეზა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა დავით ღვარძელაშვილს. Nomad Sports-მა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა.

17-წლამდელთა ნაკრებში მანამდეც იწვევდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და დოკუმენტების პრობლემების გამო ვერ ჩადიოდა. სამწლიანი ძალისხმევის შემდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებები გადალახეს და ახალგაზრდა მეკარემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

თუმცა, ახალი გამოწვევა ელოდა – „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე ბოლო ოთხი თვე ტრავმის გამო ვარჯიშზე არ გამოდიოდა. მოედანზე მხოლოდ ერთი თვეა, რაც დაუბრუნდა.

ნაკრებს ივლისის პირველ დღეებში შეუერთდა. ტრავმის გამო ჯერ კიდევ მკურნალობდა, თუმცა ნაკრების ექიმების დახმარებით ვარჯიშებს განაგრძობდა. მონტენეგროსთან ორი ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ მეორე შეხვედრის მეორე ნახევარში მიიღო მონაწილეობა. ამ დროის განმავლობაში ერთი გოლი გაუშვა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.“