იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა, არსებული მონაცემების და კონტროლის პალატის (Cabina di Regia) მითითებების საფუძველზე, დღეს საღამოს ხელს მოაწერს ახალ დადგენილებას, რომელიც ორშაბათიდან, პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. დადგენილების თანახმად, „ნარინჯისფერ ზონაში“ იქნება 5 რეგიონი: აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია. იტალიის ყველა დანარჩენ რეგიონს და ავტონომიურ ოლქს კი „ყვითელი ზონის“ ეპიდემიოლოგიური სტატუსი ექნება.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდა – 6-19 იანვრის მონაცემებით, ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი Rt, საშუალოდ, 0,84-ს შეადგენს (ცალკეული რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები 0,75-იდან 0,98-მდე მერყეობს).

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„ყვითელ ზონებში“ დღის საათებში ისევ გაიხსნება რესტორნები, ბარები და საზკვების სხვა ობიექტები, გადაადგილება შედარებით თავისუფალი იქნება.

ძალაში რჩება რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვა, რომელიც ბოლო Dpcm-თია განსაზღვრული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კონფერენციაზე ითქვა. ასე რომ, მართალია, რეგიონების უმეტესობა „ყვითელ ზონაშია“, ეს აკრძალვა მაინც შენარჩუნდება.

სარდინიის მთავრობა არ ეთანხმება მინისტრის დადგენილებას და აპირებს, რეგიონის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სარდინიის „ნარინჯისფერ ზონად“ გამოცხადების შესახებ მოტივირებული არ არის და ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რეგიონის ეკონომიკას და წარმოებას. „დღეს ყველა მაჩვენებელი იძლევა საშუალებას, რომ სარდინია ყვითელ ზონაში იყოს, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ეკონომიკას და საწარმოოო სისტემას, გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა სოლინასმა.

რობერტო სპერანცამ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ინფექციის გადაცემის ინდექსი 0,84-მდე დაეცა და ეს იმედისმომცემი მონაცემი ადამიანთა სწორი ქცევისა და საშობაო შეზღუდვების შედეგია, თუმცა, მისი თქმით, „ვირუსის პრობლემა ისევ რთულია“.

სამწუხაროდ, იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ნელა მცირდება, თუმცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სიტუაცია უმჯობესდება, დატვირთვა, საშუალოდ, 28%-ია, რაც  კრიტიკულ ზღვარზე (30%) ნაკლებია. უმეტესად, 70 წელს გადაცილებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია ხდება, – ამის შესახებ ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტმა სილვიო ბრუზაფერომ განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯანდაცის სამინისტროს მონაცემებით, გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 12 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა (სულ – 2 541 783), გარდაიცვალა 421 კოვიდინფიცირებული (ჯამში – 88279); კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა ინტენსიური თერაპიის გამყოფილებებში 2218-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით 52-ით შემცირდა. კოვიდ-19 იტალიაში მთლიანობაში 1 990152-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

ნინო ხოშტარია

წყარო nostal.ge