„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ სახელით ცნობილი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე „მთავარი არხის“ ეთერში ირწმუნება, რომ მისი კომპანია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მაღალი ხარისხის ვაქცინას შემოიტანს და მას ქართველ ხალხს აჩუქებს.

„ეს იქნება მთლიანად ჰუმანიტარული აქტი“, – ამბობს ჩალაძე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

კითხვაზე, როგორ მოახერხებს ამას მისი კომპანია, როცა ჯერ სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენზე გნვითარებულ ქვეყნებსაც კი არ მიუღიათ ვაქცინა, ჩალაძე პასუხობს, რომ კომპანიის უცხოელი პარტნიორების დახმარებით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რამდენი დოზის შემოტანა აქვს დაგეგმილი „გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას“.

ამ განცხადებამდე ჩალაძემ ისიც თქვა, რომ საქართველოში რამდენიმე მაღალ-იერარქს და თანამდებობის პირს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს.

ჩვენ გიორგი ჩალაძეს ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, თუ რომელმა მაღალჩინოსანმა, ან სასულიერო პირმა გაიკეთა ვაქცინა ისე, რომ ამ დრომდე ეს საჯაროდ არ თქმულა? რის საფუძველზე გაჟღერდა საკმაოდ სერიოზული ბრალდება და გააჩნია თუ არა მას მტკიცებულებები, ვინაიდან ხელისუფლებაში, ისევე როგორც საპატრიარქოში ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ?

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გიორგი ჩალაძეს არც მაღალჩინოსნების ვინაობა დაუკონკრეტებია და არც მაღალ-იერაქრების. მისი კომენტარით ირკვევა, რომ უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ:

„იმაზე მეტის თქმას, რაც უკვე ვთქვი, არ ვაპირებ. ყველა ჩემი სიტყვა, ყველა ჩემი ნათქვამი არის კონკრეტული და არის ნამდვილი. ასე რომ, რახან ვთქვი, ესეიგი ასეა“, – გვითხრა გიორგი ჩალაძემ, როდესაც ვთხოვეთ მიეთითებინა კონკრეტული მტკიცებულება აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, ან მაღალჩინოსნების, თუ მაღალ-იერარქების ვინაობა დაეზუსტებინა.

ჩალაძემ კონკრეტიკაში შესვლა არ ისურვა. მან უარი გვითხრა რამდენიმე კვირის წინ, მის მიერ გაჟღერებულ ასევე მძიმე ბრალდებაზე, რომელიც ინსულინ-დამოკიდებული ბავშვებისთის უხარისხო პრეპარატის შემოტანას შეეხებოდა.

30 ნოემბერს, ასევე „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში გიორგი ჩალაძემ თქვა:

„ინსულინის ბიზნესს აკონტროლებს ამირან გამყრელიძე. საქართველო ყიდულობს დაბალი ხარისხის ინსულინს ჩინეთიდან და ინდოეთიდან და ამ ინსულინს უკეთებს ინსულინდამოკდებულ ბავშვებს. მოსწონს ეს მას თუ არა, ეს ინფორმაცია ჩემთან არის და რანაირი აზრებიც არ უნდა მიძღვნას, ვერ გამაჩუმებენ. ამას მოვყვები დოკუმენტალურად” ამბობს ჩალაძე და ამტკიცებს, რომ აქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტი.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა დოკუმენტებზე საუბრობდა გიორგი ჩალაძე. მკითხველის ინფორმირების მიზნით, ვთხოვეთ ეს დოკუმენტები ჩვენთვისაც გადმოეგზავნა, თუმცა ამ თხოვნაზე უარი გვითხრა.

გიორგი ჩალაძე, „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია“:

-თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მომსახურეობის სააგენტო, რომელიც ინსულინის შესყიდვებს ახორციელებს ყოველ წელს. ნახეთ, რომელ წელს ჩაიშალა ტენდერი და მოიკითხე, რატომ ჩაიშალა.

-ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტს, რომ ინდური და ჩინური ინსულინი შემოვიდა ქვეყანაში და ის ბავშვებს გაუკეთეს, რა ადასტურებს?

-მე ვთქვი, რომ შემოვიდა?!

-დიახ, ქვეყანაში შემოდის ინდური და ჩინაური ინსულინიო – ასე თქვით.

-შემოდის რა პროცესია? მე რაც ვთქვი, ნუ ცდილობთ ინტერპრეტაციას. ჩემი სიტყვები მე კარგად მახსოვს. (გიორგი ჩალაძის 30 ნოემბრის განცხადება სრულად შეგიძლიათ ნახოთ „მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე). იმაზე მეტის თქმას, რაც ვთქვი, არ ვაპირებ. მტკიცებულებები იქნება, როცა საჭიროა.

იქნებ მაინც დაგვიკონკრეტოთ, ინდოეთზე და ჩინეთზე რა მიუთითებს?

-საჯარო დოკუმენტაციაა და შეგიძლიათ ნახოთ.

-აუცილებლად, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ეს დოკუმენტები, რომელიც უხარისხო ინსულინის შემოტანას ადასტურებს, იქნებ გადმოგვიგზავნოთ.

-მე თქვენი ასისტენტი არ ვარ.

-ჩემი ასისტენტობა რა შუაშია, მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის გთხოვთ დოკუმენტებს…

-საზოგადოების ინფორმირებულობისთვის შებრძანდით და ნახეთ თქვენ თვითონ.

„პრაიმტაიმმა“ სცადა ინფორმაციის მოძიება შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, თუმცა იქ რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ჩინეთიდან ან ინდოეთიდან ინსულინის შემოტანაზე მიუთითებს, ატვირთული არ არის.

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაციის პრეზიდენტი კობა ამირხანაშვილი გიორგი ჩალაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. მისი თქმით, საქართველოში Novo Nordisk-ის (გერმანულ-დანიური კომპანია) საუკეთესო ინსულინი შემოდის, რომელსაც მისი შვილიც იკეთებს.

„ამაზე უკეთესი ინსულინი ბუნებაში არ არსებობს და გამოდის ეს კაცი, ვინმე ჩალაძე და ლაპარაკობს, თითქოს სახელმწიფოს შემოაქვს (უხარისხო ინსულინი), წამლავს ბავშვებს და ამაზე ვინმე ფულს აკეთებს. ამ კაცმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში. ეს არის დანაშაული, რადგან შენ რომ ამისთანა რამეს ლაპარაკობ, კი იციან მშობლებმა რა ინსულინია, მაგრამ ხალხი დაეჭვდა, მართლა ინდური ხომ არ არისო. წარმოგიდგენიათ, რა დონეზე არის ეს გაკეთებული? ეს არა მარტო მორალური, ანტისახელმწიფოებრივი დარტყმაა. ჩვენ შევიტანთ სარჩელს“, – აცხადებს ამირახანაშვილი.

რა ვიცით „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ შესახებ?

„გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორიამ“ ფუნქციონირება 2017 წლის მაისში დაიწყო. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთან მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტირება და კვლევები ტარდება, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალური სიზუსტით.

ჯერ კიდევ მარტში აღნიშნული კომპანია მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტირებას სთავაზობდა, ფასი – 650 ლარი. კვლევა სისხლის მეშვეობით ტარდებოდა, თუმცა, როგორც ინფექციონისტები ამბობდნენ, ამ მეთოდის სიზუსტე მაქსიმუმ 1 პროცენტია, ვინაიდან კორონავირუსი სისხლში არ ჩერდება.

სწორედ ტესტირებებთან დაკავშირებულ დაპირისპირებს მოჰყვა გიორგი ჩალაძის ირგვლივ აგორებული პირველი სკანდალი, როდესაც ის ცნობილმა ექიმმა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

„ევექსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოხიამ გიორგი ჩალაძის წინააღმდეგ, საჩივრით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატსაც მიმართა, ვინაიდან მისი პირადი სატელეფონო საუბრები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ამონარიდს ექიმ ირაკლი გოგოხიას წერილიდან:

„გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერი (და არა იმიტომ რომ მე მეხება), მაღალ ეჭვს აჩენს, რომ გენეტიკური ლაბორატორიის მხრიდან დაგეგმილი იყო „სპეც-ოპერაცია“, რომელიც ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რომლის მსხვერპლი მე და სხვა გაცილებით უფრო ღირებული ინტერესები აღმოვჩნდით…

სხვათაშორის, ბატონმა ნიკა ოქრიაშვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგად იცის, რა მიზანი მამოძრავებდა და დიდი ხანია ვიცნობ პირადად, სინდისის ქენჯნის გარეშე უკანონო გზით მოპოვებული ჩანაწერი გაასაჯაროვა.

(საუბარია ბიზნესმენ ზაზა ოქრიაშვილის ძმაზე, ნიკა ოქრიაშვილზე, რომელიც საქართველოში სამედიცინო პროფილის არაერთ კომპანიას ფლობს – ავტ.)

ამ საუბრებით ნამდვილად უფრო კარგად მოეფინებოდა ნათელი, სრულ სურათს და ყველა გარემოებას და კიდევ უფრო დარწმუნდებოდა საზოგადოება თქვენ ზრახვებში.

ის საკითხი, კი, რატომ უნდა მოგინდეს ასეთ მძიმე პერიოდში შეტევა ექიმებზე, შეტევა ლუგარის ცენტრზე, სტერსის და შიშის დანერგვა მთელ მოასხლეობაში ეს ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

მანამდე კი ამ ყველაფრის განსჯა საზოგადოებისთვის მომინდია“, – წერს ირაკლი გოგოხია სოციალურ ქსელში.