სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანიები Turkish Airlines და Pegasus Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას აახლებენ და ფრენების სიხშირეს ზრდიან. რეგულარული რეისების ფრენის განრიგები დამტკიცებულია.

“მიმდინარე წლის 1 მარტიდან, ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იფრენს, ხოლო სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ამასთან ავიაკომპანია ზრდის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების სიხშირეს თებერვლის განმავლობაში. კერძოდ, 15 თებერვლამდე, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი, კვირაში 7 სიხშირით.

4 თებერვლიდან, რეგულარულ ოპერირებაზე გადავიდა Pegasus Airlines-ი. ავიაკომპანია თავდაპირველად ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 12 თებერვლიდან კი დაემატება კიდევ 1 სიხშირე”, – წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: gcaa.ge. სააგენტოს განცხადებით, განრიგი განახლებადია და შეიძლება შეიცვალოს.