პირველი თებერვლიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები, რომელთა გამოკვლევაც მოხდება, შემთხვევით პრინციპით შეირჩევა.

„როცა პაციენტი მოგვმართავს პოსტკოვიდური სინდრომით ან გახანგრძლივებული კოვიდით, თუ კოვიდის შემდგომ, განკურნებიდან ჩივილები მაშინვე გრძელდება, მაგალითად სისუსტე, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რამე, ამას ეძახიან გახანგრძლივებულ კოვიდს, ხოლო თუ გამოჯანმრთელებიდან ერთი თვე გავა და მერე გაჩნდება ჩივილები, ამას უკვე პოსტკოვიდურ სინდრომს ეძახიან.

ეს ორი პათოლოგია გამიჯნული ძალიან მკაცრად არ არის. ამ სინდრომით ავადმყოფები საქართველოში არის, ისინი მიმართავენ ბევრ კლინიკას, ძირითადად იმ კლინიკას, საიდანაც გაეწერენ და ჩვენ ასეთ პაციენტებს ვიღებთ, ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ საჭიროა ვუწევთ დახმარებას. ეს არის არაოგანიზებულად, თვითდინებით, რაც არ გვაძლევს საკმარის საფუძველს, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდი, რომელი გამოვლინებები ჭარბობს და როგორ სჭირდებათ მათ მკურნალობა. საერთოდ სჭირდებათ მკურნალობა თუ არა.

ყველაფერ ამას პასუხს გასცემს კვლევა 500 კაცზე, რომელიც დაიგეგმა ჩვენ კლინიკაში და განხორციელება რამდენიმე სხვა კლინიკასთან პარტნიორობაში. ეს კვლევა დაიწყება პირველ თებერვლას და ჩვენ ავიღებთ 500 კოვიდგადატანილ პაციენტს, დამოუკიდებლად იმისა, მას ჩივილი აქვს თუ არა. შემთხვევითი შერჩევით ავიღებთ ამ პაციენტებს და მათ ჩავუტარებთ როგორც კლინიკურ გამოკვლევას, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კვლევის დასრულების შემდეგ ცნობილი იქნება რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.