პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება. ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც ბაზრობების წარმომადგენლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ.

გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისა, მეიჯარეებს დაევალათ, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდეთ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბაზრობების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 1 თებერვლისთვის ობიექტების გასახსნელად ყველაფერი მზადყოფნაში იქნება.

“გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 თებერვალს გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები, მიღებულია. არსებულ რეგულაციებს დაემატა ერთადერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, ეს არის ტესტირება პერიოდული. ეს უნდა დავაორგანიზოთ სწორად და სწრაფად, რომ პირველისთვის ყველაფერი იყოს მოსწრებული, ისე როგორც გაიწერა. ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ პირველისთვის მზად ვიქნებით ყველანაირად,“ – აცხადებს “ლილო მოლის” გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია.

რა პირობით გაიხსნება მოლები და ბაზრობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში „ბაზრობების“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელშიც ონლაინ-ფორმატში რეგიონებში არსებული „ბაზრობების“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, განიხილეს ის ეტაპები და სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდეს „ბაზრობების“ უსაფრთხოდ გახსნა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვაჭრობის სფერო, ზოგადად, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინკლუზიურობის მქონე დარგი და ძალიან მნიშვნელოვანია დროულად და უსაფრთხოდ გახსნა იმ მიმართულებების, რომელთა მოქმედებაც, ამ ეტაპზე, არის გაჩერებული.

„ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს ორივე მხარე – სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნა და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზრობებს ამოქმედებისთვის იქ მომუშავე ადამიანების ანუ ადმინისტრაციის თანამშრომლების გატესტვა გარკვეული პერიოდულობით მოუწევთ, რასაც ბაზრობის ხელმძღვანელობა დააორგანიზებს, ხოლო თავად მეწარმე სუბიექტები დასაქმებულების ტესტირებას უზრუნველყოფენ.

„დღეს იყო პრინციპული, მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო მოლები და ბაზრობები, მიღებულია, თუმცა არსებულ რეგულაციას დაემატა მნიშვნელოვანი რეგულაცია – ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანების პერიოდული ტესტირება. შევთანხმდით, რომ გვექნება დამატებითი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებზე. ტესტირების სწორი და სწრაფი ორგანიზება ბაზრობების ხელმძღვანელობის პრობლემა იქნება, რათა 1 თებერვლისთვის ყველაფერი ისე მოესწროს, როგორც გაიწერა. დანარჩენის უზრუნველყოფა ანუ ტესტირება იმ მეწარმემ უნდა მოახდინოს, რომელიც ასაქმებს ადამიანებს. ტესტირება გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება – თითო მეწარმეს, დაახლოებით, 2 თვეში ერთხელ მოუწევს დასაქმებულების გატესტვა. პირველ ეტაპზე 20% გაიტესტება და ესეც გეოგრაფიული განშლადობით მოხდება, იმისთვის რომ არეალი სრულად მოვიცვათ და კოვიდ ინფექციის შესაძლო გავრცელების სურათი დავინახოთ. ამ პრინციპით ყოველ 2 კვირაში 20% გაიტესტება. როგორც ვიცით, ეს იქნება ანტიგენზე დამყარებული ტესტირება. ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ თვითონ გავუკეთებთ ტესტს, მეწარმეები კი, თვითონ გაუკეთებენ თავის თანამშრომლებს და შესაბამისად, ტესტირება იმ პერიოდულობით ჩატარდება, რომ ჩვენთვის და მეწარმისთვის დიდი ტვირთი არ იქნება და გავუძლებთ ამ ტვირთს“, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.