კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი საქართველოშიც დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

იმნაძის თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ახალი შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაშია.

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მისი კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას, პაატა იმნაძე არ აკონკრეტებს.

ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.